ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთში აქციების მონაწილეთა დაკავების გამო, ევროკავშირმა გლობალური სასანქციო რეჟიმის მექანიზმი უნდა აამოქმედოს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთში აქციების მონაწილეთა დაკავების გამო, ევროკავშირმა გლობალური სასანქციო რეჟიმის მექანიზმი უნდა აამოქმედოს

რუსეთში აქციების მონაწილეთა დაკავების გამო, ევროკავშირმა გლობალური სასანქციო რეჟიმის მექანიზმი უნდა აამოქმედოს, – ეს განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

მისი თქმით, ევროკავშირის გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ნათელი, რომ ევროპა ადამიანის უფლებების დარღვევას არ შეეგუება.

„უპირველესად, ჩვენ განვიხილავთ რუსეთში ალექსეი ნავალნის გარშემო შექმნილ სიტუაციას. პირადად მე მგონია, რომ რუსეთში ცვლილებების მოლოდინი არსებობს, ეს იგრძნობა და სწორედ ამიტომ ნერვიულობს პუტინი, სწორედ ამიტომ დააკავა 3 500-ზე მეტი ადამიანი ქუჩაში და ამიტომ არის დაკავებული ნავალნი, შემდეგ მისი მეუღლეც. ჩვენი გზავნილი უნდა იყოს ნათელი და მკაფიო, რომ მსგავსი რამ მიუღებელია. ევროკავშირს აქვს ეფექტური მექანიზმი, ევროკავშირის გლობალური სასანქციო რეჟიმი, რომლის გამოყენება აუცილებელია, რათა ნათელი იყოს ჩვენი გზავნილი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს, სადაც უნდა მოხდეს ეს – მინსკში, მოსკოვსა თუ ჰონგ კონგში, ევროკავშირში არ შევეგუებით“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღესვე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ევროკავშირის მეზობელი სახელმწიფოებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების საკითხსაც.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის სამეზობლოსთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაზე იმსჯელებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებს აღმოსავლეთით და სამხრეთით, ასევე დასავლეთ ბალკანეთში ვუთხრათ, რომ ჩვენ მათ დასახმარებლად მზად ვართ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, როდესაც ჩვენ მიზნად ვისახავთ პარტნიორების დახმარებას, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად გვაქვს ვაქცინები, რომელთაც მათ მივაწვდით“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.