ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - არ შეიძლება, ევროკავშირი უნგრეთის მძევალი გახდეს
არ შეიძლება, ევროკავშირი უნგრეთის მძევალი გახდეს, იმის გათვალისწინებით, რომ ბუდაპეშტი აპირებს რუსეთის წინააღმდეგ უახლესი სანქციების დაბლოკვას, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ბრიუსელში განაცხადა.
მისივე თქმით, უნგრეთი ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას პრინციპულად ბლოკავს.
„ჩვენ არ შეგვიძლია, გავხდეთ ერთი ქვეყნის მძევალი. მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები კონკრეტულ საკითხებს აყენებენ თავინთი კომპანიების მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით, უნგრეთი სანქციებს უბრალოდ პრინციპულად ბლოკავს“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კესტუტის ბუდრისის განცხადებით, ნავთობსადენი „დრუჟბა“ არა დაბლოკილი, არამედ რუსების მიერ დაზიანებულია და ამჟამად შეკეთების პროცესშია. ამასთან, მისივე თქმით, ევროპამ უნგრეთს ნავთობის მიწოდების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ალტერნატივა არაერთხელ შესთავაზა.
„ეს უნგრეთს არ აწყობს. მათ სურთ რუსული ნავთობი, რომელიც იაფია, მაღალი ხარისხისაა და შესაძლოა, სხვა ნავთობზე უკეთესი სუნიც კი ჰქონდეს, სულ ესაა. აქ ბევრ პოლიტიკას ვხედავ“, – აღნიშნა ბუდრისმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ერთი დღით ადრე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას დაბლოკავდა, რადგან უნგრეთში თვლიან, რომ უკრაინა ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთებას განზრახ არ ახორციელებს. მანამდე ბუდაპეშტმა იმავე მიზეზით უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდების შეჩერების შესახებ განაცხადა.