ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - დასრულდა პერიოდი, როდესაც ევროპას შეეძლო, დაყრდნობოდა ამერიკულ ჯარებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - დასრულდა პერიოდი, როდესაც ევროპას შეეძლო, დაყრდნობოდა ამერიკულ ჯარებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის თქმით, პერიოდი, როდესაც ევროპას შეეძლო, დაყრდნობოდა ამერიკულ ჯარებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დასრულდა, მაგრამ ბუდრისმა იქვე აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობები აშშ-სა და ევროპას შორის გაუარესდა.

„ეს არ არის, რომ ყველაფერი დამთავრდა, ჩვენ გამოვაცხადეთ თარიღი და იმ მომენტიდან ამერიკა მხარს არ უჭერს, ეს ასე არ მუშაობს. არის გარკვეული დაგეგმვა, ეტაპები, რამდენ ხანს შეგვიძლია ამის გაკეთება, რამდენ ხანში შეძლებენ ამერიკელები ძალების გადანაწილებას“, – ამბობს მინისტრი.

გასულ კვირას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა ნატო-ს მოკავშირეები გააფრთხილა, რომ ამერიკელი ჯარები კონტინენტზე სამუდამოდ არ დარჩებოდნენ და მოუწოდა მათ, გაეზარდათ თავდაცვის ხარჯები. ამის საპასუხოდ ბადრისმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ამ განცხადებებში ვერ ხედავს სტრატეგიულ უფსკრულს აშშ-სა და ევროპას შორის.

„მსოფლიოში უფრო მეტი გამოწვევაა, ვიდრე მხოლოდ რუსეთი და მისი აგრესია. არის გამოწვევები ჩინეთიდან ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში; არის ირანის ბირთვული პროგრამა და სრული არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში და არის ბევრი რამ, რაზეც ამერიკას სურს ფოკუსირება და რაშიც მას მხარდაჭერა სჭირდება“, – აღნიშნა ლიეტუვის  საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბადრისის თქმით, თუ ევროპა არ გადადგამს ნაბიჯებს თავდაცვის გასაძლიერებლად, მაშინ „შედეგები, შეიძლება, განსხვავებული იყოს“.

„თუ ევროპა არ ადგება და არ იტყვის, რომ კი, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დიახ, ეს შეგვიძლია გადავჭრათ ხუთ წელიწადში, ათ წელიწადში, ცუდი იქნება“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.