ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - დასავლეთი უნდა იყოს მზად რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს არაღიარებისთვის
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - დასავლეთი უნდა იყოს მზად რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს არაღიარებისთვის

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, დასავლეთი უნდა იყოს მზად რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს არაღიარებისთვის.

ამის შესახებ ლანდსბერგისმა აშშ-ში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფოს მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს არ აქვს უფლება, ხელი მოაწეროს საერთაშორისო შეთანხმებებს.

„ბელარუსის და რუსეთის დაახლოება გვაშფოთებს. უნდა ვიყოთ მზად არაღიარების პოლიტიკის გასატარებლად, თუ ეს სახელმწიფოები გაერთიანდებიან. ბელარუსის არალეგიტიმურ პრეზიდენტს ასეთი შეთანხმებების ხელმოწერის უფლებამოსილება არ აქვს. ეს დასავლეთმა ერთობლივად უნდა განაცხადოს“, – თქვა ლანდსბერგისმა.

შეგახსენებთ, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის ინტეგრაციის „საგზაო რუკების“ შეთანხმების შესახებ 9 სექტემბერს, კრემლში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.