ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბელარუსიდან და რუსეთიდან ლიეტუვის მიმართულებით კონტრაბანდული სიგარეტით დატვირთული საჰაერო ბურთების გაშვება არის პროვოკაცია, რომლის მიზანია ნატო-ს სიმტკიცის გამოცდა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსიდან და რუსეთიდან მათი მიმართულებით კონტრაბანდული სიგარეტით დატვირთული საჰაერო ბურთების გაშვების ფაქტებს ნატო-ს წინააღმდეგ ახალ ჰიბრიდულ პროვოკაციად აფასებს.
კესტუტის ბუდრისის თქმით, ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანია დესტაბილიზაცია, ყურადღების გადატანა და ნატო-ს სიმტკიცის გამოცდა.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, საჰაერო ბურთებით დაფიქსირებული ინციდენტები არ ყოფილა იზოლირებული შემთხვევები.
დიპლომატის თქმით, გასულ კვირას რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა დაარღვიეს ლიეტუვის საჰაერო სივრცე, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კი ბელარუსიდან ლიეტუვაში ათობით საჰაერო ბურთი შეფრინდა, რომლებსაც კონტრაბანდული სიგარეტი გადაჰქონდათ. მინისტრის თქმით, ამ საჰაერო ბურთების გამო შეფერხებით ფუნქციონირებდა აეროპორტები.
„ეს არ არის ცალკეული ინციდენტები – გერმანია, დანია, ესტონეთი, ნორვეგია, პოლონეთი უკვე შეეჩეხნენ დრონებით, საჰაერო ბურთებითა და რუსული ავიაგამანადგურებლებით შეჭრის შემთხვევებს. ეს ყველაფერი იწვევდა სამოქალაქო ავიაციის მუშაობის შეფერხებას, საფრთხეს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის. ეს დაგეგმილი პროვოკაციებია“, – განაცხადა კესტუტის ბუდრისმა.
„ჩვენ უნდა ვისწავლოთ გაკვეთილი. ვიდრე რუსეთისა და ბელარუსის მხრიდან გრძელდება ჰიბრიდული პროვოკაციები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პასუხი არაეფექტურია. ოპერაციების „ფასი“ ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის ძალიან დაბალია. ეს უნდა შეიცვალოს“, – აღნიშნავს ბუდრისი.
მინისტრი ასევე გამოდის ინიციატივით, სანქციები დაუწესდეთ ბელარუსელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ლიეტუვის საჰაერო სივრცის დარღვევაში. ასევე მოუწოდებს ევროკავშირს ახალი სანქციებისა და დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერებისკენ რუსეთისა და ბელარუსის ლიდერების იზოლაციისთვის.