ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - გიტანას ნაუსედამ მხარი დაუჭირა საქართველოს ლიდერის ძალისხმევას, ესაუბროს პოლიტიკურ ძალებს დიალოგის უზრუნველსაყოფად
ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - გიტანას ნაუსედამ მხარი დაუჭირა საქართველოს ლიდერის ძალისხმევას, ესაუბროს პოლიტიკურ ძალებს დიალოგის უზრუნველსაყოფად

ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას გიტანას ნაუსედას ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ლიეტუვის პრეზიდენტი ვოდეოზარის საშუალებით ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს. ლიდერებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები, „კოვიდ-19“-ის პანდემია და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ლიეტუვის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ლიდერის ძალისხმევას, ესაუბროს პოლიტიკურ ძალებს დიალოგის უზრუნველსაყოფად.

„კონსენსუსი და ნდობა საზოგადოებაში არის პროგრესის და დემოკრატიის საფუძველი, ეს ყველა ქვეყენაში ასეა. ლიეტუვის საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს შეთანხმებას ეროვნული, სტრატეგიული მიზნების თაობაზე, რაც იქნება ჩვენი წარმატების საფუძველი“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

პრესრელიზის მიხედვით, ლიეტუვის პეზიდენტმა ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს აქტიურ პოზიციას „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ და მადლიერება გამოთქვა სამი ასოცირებული ქვეყნის – უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ძალისხმევისადმი, რომელიც მიმართულია ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ.

„ლიეტუვის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის დედაქალაქებში მონდომებული აღმოსავლეთ პარტნიორების ერთიანი ხმა უფრო ხმამაღლად ისმის. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა დავსახოთ გრძელვადიანი და ამბიციური მიზნები აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკურ დღის წესრიგში“, – ნათქვამია ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

ამასთან ერთად, ლიეტუვის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვა თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ამ საკითხზე საუბრობს საერთაშორისო ფორუმებსა და შეხვედრებზე.

ლიეტუვის ლიდერმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა, ევროკავშირში უმაღლეს დონზე დაუჭიროს მხარი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებში „კოვიდ-19“-ის ვაქცინების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და შექმნას ისეთივე მექანიზმი, რომელიც დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ვაქცინებით უზრუნველყოფისთვის არსებობს.

ლიეტუვის პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა, რომ 2020 წელს საქართველოში მისი ვიზიტი პანდემიის გამო გადაიდო. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს წელს, მაისში ეწვევა.