ლიეტუვის პრეზიდენტი - ვგმობ რუსეთის მიერ ქვეყნიდან ევროპელი დიპლომატების გაძევებას
ლიეტუვის პრეზიდენტი - ვგმობ რუსეთის მიერ ქვეყნიდან ევროპელი დიპლომატების გაძევებას

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა თვლის, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მარტში დაგეგმილ სამიტზე ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობის საკითხზე აუცილებლად უნდა იმსჯელონ.

ლიეტუვის პრეზიდენტმა რუსეთი ევროპელი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების გამო გააკრიტიკა.

„ვგმობ რუსეთის მიერ ქვეყნიდან ევროპელი დიპლომატების გამოძევებას და კრემლის სიმკაცრეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ნათელია, რომ ევროკავშირის უმაღლესი კომისარის დაბრუნების შემდეგ, მოახლოებულ სამიტზე უნდა შევაფასოთ ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობა“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ევროკავშირის უმაღლესი კომისრის რუსეთში ვიზიტის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ისინი ქვეყნიდან გააძევა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს შვედეთის, პოლონეთისა და გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები და 23 იანვარს მოსკოვსა და პეტერბურგში გამართულ დემონსტრაციებში მათი დიპლომატიური მისიების თანამშრომლების მონაწილეობისთვის პროტესტი გამოუცხადეს.

რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ევროპელი დიპლომატების ამგვარი ქმედებები მიუღებელია და არ შეესაბამება დიპლომატიურ სტატუსს.