ლიეტუვის პრეზიდენტი - მზად ვართ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად შუამავლის როლი შევასრულოთ
ლიეტუვის პრეზიდენტი - მზად ვართ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად შუამავლის როლი შევასრულოთ

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრაზე აღმოსავლეთ პარტნიორობს ქვეყნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებს ევროკავშირის ინსტიტუტებიდან საკმარისი ყურადღება არ ექცევათ.

გიტანას ნაუსედას თქმით, მისასალმებელია, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მომდევნო კვირაში საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში გეგმავს ვიზიტს. ნაუსედა ასევე აცხადებს, რომ ლიეტუვა მზადაა, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად შუამავლის როლი შეასრულოს.

„ლიეტუვა ნამდვილად ენთუზიაზმით უჭერს მხარს აქტიურ სამეზობლო პოლიტიკის, როგორც სამხრეთ მეზობელ ქვეყნებთან, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, როლებიც ყველა თვალსაზრისით ჩვენთან ძალიან ახლოს არიან. სწორედ ამიტომ, სამხრეთ მეზობლების საკითხთან ერთად, მე წამოვჭერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხიც, რადგან ამ ქვეყნებს ევროკავშირის ინსტიტუტებიდან არასაკმარისი ყურადღება ექცევათ და მისასალმებელია, რომ ამ მოლოდინების საპასუხოდ, შარლ მიშელი მომდევნო კვირაში ამ სამ ასოცირებულ ქვეყანაში გეგმავს ჩასვლას, რათა განიხილოს არა მხოლოდ მათი რეფორმები, არამედ პოლიტიკური დეესკალაციის შესაძლებლობები ამ სამი ქვეყნიდან ერთ-ერთში, საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში შუამავლის როლი შევასრულოთ“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ნაუსედამ ხაზი გაუსვა, რომ ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციას ადეკვატური და დაბალანსებული პასუხი სჭირდება. მისი თქმით, რეგიონში რუსეთის აგრესიული პოზა გრძელდება და ის გავლენას ახდენს პოლიტიკურ სტაბილურობაზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ნაუსედამ აღნიშნა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს ევროკავშირის ამბიციურ მიზნებს მთელ სამეზობლოში, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

„ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, სათანადო ფოკუსირება მოვახდინოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტზე. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ევროკავშირის ამბიციური დღის წესრიგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, განსაკუთრებით უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან. ბოლოს განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ასეთი დღის წესრიგის არარსებობა არ გვაძლევს ამ ქვეყნებში სტაბილური, უსაფრთხო და ეკონომიკურად მდგრადი გარემოს შექმნის საშუალებას“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.