მედიის ცნობით, ლიეტუვის პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ჟიგიმანტას პავილიონისის გადაყენებას ითხოვენ
მედიის ცნობით, ლიეტუვის პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ჟიგიმანტას პავილიონისის გადაყენებას ითხოვენ

ლიეტუვის პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის გადაყენებას ითხოვენ. როგორც გამოცემა „დელფი“ წერს, ოპოზიცინერმა დეპუტატებმა, სეიმის სპიკერს ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენს წარუდგინეს ხელმოწერები პავილიონისისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ დატოვებენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, თუ მისი თავმჯდომარე კვლავ ჟიგიმანტას პავილიონისი იქნება.

„ეს არ არის ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ომი, ეს არის სურვილი, რომ ჩვენ შევძლოთ, ნამდვილად შევძლოთ მშვიდად მუშაობა საგარეო პოლიტიკაზე. თუ ეს ადამიანი დარჩება კომიტეტის თავმჯდომარედ, სეიმში თანამშრომლობა სავარაუდოდ პრობლემური გახდება“, – განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა, საულიუს სკვერნელისმა, რომელიც ლიეტუვის „ფერმერთა და მწვანეთა კავშირს“ წარმოადგენს.

სეიმის სპიკერის განცხადებით, არსებული წესდებით, საჭირო რაოდენობის ხელმოწერის არსებობის შემთხვევაში, ის ვალდებულია პარლამენტს აცნობოს ინიციატივის შესახებ, რის შემდეგაც უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყება. თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა სულ მცირე 71 ხმა.

როგორც „დელფი“ აღნიშნავს, პარლამენტის სპიკერმა მანამდე განაცხადა, რომ ის კრიტიკულად არის განწყობილი პავილიონსის რიტორიკის მიმართ, თუმცა მისი გადაყენების საფუძველს ვერ ხედავს.

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს ჩვენ მივყვებით გარე პროვოკატორების მიერ თავს მოხვეულ სცენარს“, – განაცხადა ჩმილიტე-ნილსენმა.

თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ასევე მოუწოდებს პოლიტიკოსებს, არ მიიღონ მონაწილეობა პავილიონისთან დაკავშირებით კრემლის პროვოკაციაში და უარი თქვან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან მისი გათავისუფლების ინიციატივაზე.

როგორც ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციონერ დეპუტატებს სთავაზობს დახმარებას ჟიგიმანტას პავილიონისთან დისკუსიის გამართვაში.

„ვფიქრობ, ყველა თავდასხმა და მცდელობა  ჟიგიმანტას პავილიონისის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ჩამოსაცილებლად არის კრემლის თამაშის გაგრძელება“, – აღნიშნა ლანდსბერგისმა.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა პავილიონისის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება კომიტეტის თავმჯდომარის რუს პრანკერებთან საუბრის შემდეგ დაიწყეს. გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში პავილიონისი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის საქართველოზე საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს და მოსაუბრეს, რომელიც მას ალექსეი ნავალნის თანაგუნდელის, ლეონიდ ვოლკოვის სახელით ესაუბრა, ეუბნება, რომ არ მიაქციოს ყურადღება ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებებს, რადგან, მისი თქმით, პრეზიდენტი „სიმბოლურია“.

დატოვე კომენტარი