ლიეტუვის ხელისუფლებამ შეზღუდვები დააწესა მათთვის, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია
ლიეტუვის ხელისუფლებამ შეზღუდვები დააწესა მათთვის, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია

ლიეტუვის ხელისუფლებამ შეზღუდვები დააწესა მათთვის, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია. ახალი წესები დღეიდან, 13 სექტემბრიდან შევიდა ძალაში.

ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეეხებათ არანაირი შეზღუდვა, მაგრამ მათ მაინც მოსთხოვენ სიფრთხილის ისეთი აუცილებელი ზომების დაცვას, როგორებიც ხელების დეზინფექცია, დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარებაა.

სპეციალური დოკუმენტის გარეშე ადამიანები ვერ შეძლებენ ისეთ მაღაზიებში შესვლას, რომელიც არ არის პირველადი საჭიროებების, აგრეთვე ვერ შევლენ სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრებში (თუ მათი ფართობი 1500 კვ.მ-ს აღემატება). ისინი ვერ შეძლებენ სილამაზის სალონების, სპორტული კლუბების მომსახურებით სარგებლობას და ისეთ ღონისძიებებზე დასწრებას, სადაც 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

ე.წ. შესაძლებლობების პასპორტის გარეშე შესაძლებელი იქნება: შესვლა სასურსათო მაღაზიებსა და ბაზრებში, ზოო-მაღაზიებში, აფთიაქებში, ოპტიკის მაღაზიებში, ორთოპედიულ სალონებში, მცენარეების, სასუქების მაღაზიებში. ამასთან, ეს დაწესებულებები არ უნდა მდებარეობდეს სავაჭრო ცენტრებში.

გარდა ამისა, დოკუმენტის არმქონე პირებს შეეძლებათ საკვების შეკვეთა, საზაფხულო ტერასების მქონე კაფე-ბარებში შესვლა, ბენზინგასამართი სადგურებით, სახელოსნოებით, ბიბლიოთეკებით, სარიტუალო მომსახურებებით, მუზეუმებით, გამოფენებით სარგებლობა. ისინი მიიღებენ სოციალურ, სამართლებრივ და სხვა აუცილებელ საჯარო მომსახურებას. შეეძლებათ მოინახულონ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები, ასევე ორსულები და არასრუწლოვნები.

დოკუმენტის წარმოდგენის საჭიროება აგრეთვე არ იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაგრამ ყველას მოეთხოვება მანძილის დაცვა და ექნებათ პირბადის ტარების ვალდებულება. საქალაქთაშორისო და ჩარტერულ რეისებზე მხოლოდ დასაჯდომი ადგილების დაკავების შესაძლებლობა იქნება.

საგანმანთლებლო დაწესებულებაში (არ ეხება სკოლებს და საბავშვო ბაღებს) შესვლა მხოლოდ ე.წ. შესაძლებლობების პასპორტით იქნება შესაძლებელი. მათ, ვისაც არ ექნებათ აღნიშნული დოკუმენტი, მუდმივად „კოვიდ19“-ის ტესტირების გავლა მოუწევთ, რომელიც იქნება ფასიანი.

აქვე აღსანიშნავია, რომ ლიეტუვაში აუცილებელ ვაქცინაციას ექვემდებარებიან მედიკოსები, პედაგოგები და სოციალური მუშაკები.