ლიეტუვის ახალი პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინიენე აცხადებს, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 5-6%-ს თავდაცვაზე დახარჯავს
ლიეტუვის ახალი პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინიენე გახდა. ლიეტუვის სეიმის 141 წევრიდან 80-მა მხარი დაუჭირა ახალ სამთავრობო პლატფორმას, 40-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.
როგორც „როიტერი“ იუწყება, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა რუგინიენემ, რომელიც პოლიტიკაში მხოლოდ 2024 წელს ჩაერთო, დადო პირობა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ასევე გააგრძელებს წინა პრემიერის გზას, რაც თავდაცვის ხარჯების გაზრდას გულისხმობს.
44 წლის რუგინიენემ განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ლიეტუვის მთლიანი შიდა პროდუქტის 5-6%-ს თავდაცვაზე დახარჯავს.
„ჩემი მიზანია, ჩემი ვადის ამოწურვის შემდეგ ხალხმა თავი უფრო დაცულად იგრძნოს, როგორც უკეთესი თავდაცვის, ასევე უკეთესი სოციალური დახმარების წყალობით“, – განუცხადა ინგა რუგინიენემ ჟურნალისტებს.
გამოცემის ინფორმაციით, ლიეტუვაში ახალი ცენტრისტული მემარჯვენე კოალიცია ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც ლიეტუვის ყოფილი მთავრობა ივლისში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ კომპანიასთან დაკავშირებული სკანდალის გამო დაიშალა.