ლიეტუვის ​სეიმმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შესახებ რეზოლუცია მიიღო
ლიეტუვის ​სეიმმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ლიეტუვის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შესახებ დოკუმენტს სეიმმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

„10 წლის წინ რუსეთის შეიარაღებული ძალები მეზობელ ქვეყანაში შეიჭრნენ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნეს მარიონეტული მთავრობა. ლიეტუვა გმობს ყველა სახის ძალადობას. მათ შორის არის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, რეზოლუცია დასავლურ გაერთიანებებს და ქვეყნებს მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სწრაფვას სათანადო ყურადღება მიაქციონ.

„მოვუწოდებთ ევროკავშირს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ ლიდერებს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სწრაფვას ევროატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სათანადო ყურადღება მიაქციონ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველო ავთენტური დასახელებითაა მოხსენებული. აღნიშნული სახელწოდება ლიეტუვამ ერთი თვის წინ დაამტკიცა. რეზოლუციის მიღება აგვისტოს ომის 10 წლისთავს უკავშირდება.