ლიეტუვაში უკრაინის ელჩის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, ივლისში ვილნიუსში ნატო-ს სამიტს პირადად დაესწროს
ლიეტუვაში უკრაინის ელჩის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, ივლისში ვილნიუსში ნატო-ს სამიტს პირადად დაესწროს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, ივლისში ვილნიუსში ნატო-ს სამიტს პირადად დაესწროს. ამის შესახებ ლიეტუვურ მედიასთან ლიეტუვაში უკრაინის ელჩმა პეტრ ბეშტამ განაცხადა.

„ჩვენ ამას ვგეგმავთ. პირველი, რაც გვჭირდება, არის მოწვევა, რადგან უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი. ვიმედოვნებთ, ჩვენ მას მივიღებთ და უკრაინაში ომთან დაკავშირებული სიტუაციის კარდინალური ცვლილების იმედი გვაქვს“, – განაცხადა დიპლომატმა, როდესაც ჰკითხეს, დაესწრება თუ არა ზელენსკი სამიტს.

ამასთან, უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ ვილნიუსში შეხვედრაზე მკაფიო ფორმულირებას ელოდებიან ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„ვილნიუსში შეხვედრაზე ჩვენ ველოდებით ძალიან მკაფიო ფორმულირებას, რომ როგორც კი დასრულდება ომი, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი“, – განაცხადა ლიეტუვაში უკრაინის ელჩმა.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტებით იმყოფებოდა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ბრიუსელში. ელჩის თქმით, ეს ვიზიტები, რომლებიც 2022 წლის ბოლოს დაიწყო, გამონაკლისს წარმოადგენდა, რადგან ზელენსკი კიევში უნდა იმყოფებოდეს.