ლიეტუვაში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა
ლიეტუვაში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა

ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ღვაჩლიანი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და  ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებსა და გამორჩეულ მეგობრობას, რომელიც ტრადიციულად აკავშირებთ საქართველოსა და ლიეტუვას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით დინამიკურად და წარმატებით ვითარდება. ასევე, საუბარი შეეხო მაღალი დონის ორმხრივ ვიზიტებს, რომლებიც ინტენსიურად ხორციელდება საქართველოსა და ლიეტუვას შორის.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ლიეტუვის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამომავლო პერსპექტივებს.

„გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს მდგომარეობას.

შეხვედრისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ელჩს საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.