ლიეტუვაში გაიმართა აქცია სახელწოდებით „ხელები შორს სიტყვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი მედიისგან“
ლიეტუვაში გაიმართა აქცია სახელწოდებით „ხელები შორს სიტყვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი მედიისგან“.
ქვეყნის პოლიციის ცნობით, ლიეტუვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 10 000 ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებს ეკავათ პლაკატები წარწერებით: „სიტყვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის“; „ხელები შორს“.
აქციის გამართვის მიზეზი საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონში ცვლილებებია, რომელიც ამარტივებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გათავისუფლებას და ზღუდავს საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებებს.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება ევროპულ კანონმდებლობას და ქმნის პირობებს სარედაქციო საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევისთვის. ორგანიზატორები მმართველ უმრავლესობას მოუწოდებენ, გააუქმონ წინადადება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გათავისუფლების პროცედურის შეცვლის შესახებ.