ვადის გასვლის გამო, ლიეტუვაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში „მოდერნას“  ვაქცინის 5 000 დოზა გაანადგურეს
ვადის გასვლის გამო, ლიეტუვაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში „მოდერნას“ ვაქცინის 5 000 დოზა გაანადგურეს

ლიეტუვაში ვადის გასვლის გამო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო „მოდერნას“ ვაქცინის 5 000 დოზა გაანადგურეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბალტიური სააგენტო „დელფი“ ავრცელებს.

„ვილნიუსში ბოლო კვირებში გაანადგურეს „მოდენას“ ვაქცინა, ვადა გაუვიდა ხუთი ათას დოზას. უახლოეს დღეებში ვნახოთ, რამდენი ადამიანი აიცრება „მოდერნას“ ვაქცინით“, – აცხადებს ვილნიუსის ვაქცინაციის ცენტრის ხელმძღვანელი კიპრას კრასაუსკასი.

ვაქცინაციის ცენტრის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვა მწარმოებლების ვაქცინის განადგურება. მისი თქმით, ვაქცინაციის მსურველთა ნაკლებობის გამო ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტების ნაწილი ვაქცინას არ იღებს.

„თუ არაფერი გამოგვივა და გაკვალული გზით ვივლით, შესაძლოა, უნდა დავგეგმოთ და ვაჩუქოთ ვაქცინა რომელიმე ქვეყანას“, – განაცხადა კრასაუსკასმა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად ლიეტუვაში სპეციალური ავტობუსები ივლიან, რომლებიც მოქალაქეებს აცრებს შესთავაზებენ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ლიეტუვაში კორონავირუსის 279 ათასზე მეტი შემთხვევაა დარეგისტრირებული, გარდაიცვალა 4 404 ადამიანი. ოფიციალური მონაცემებით, ლიეტუვას ვაქცინირებული ჰყავს მოსახლეობის დაახლოებით 44%.