ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნება ძირს უთხრის ორგანიზაციის ღირებულებებს
ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნება ძირს უთხრის ორგანიზაციის ღირებულებებს

ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთის დაბრუნების მექანიზმის ამოქმედებას გულისხმობს, ოფიციალური განცხადებით ეხმაურება. საგარეო უწყება მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, შეუქმნას რუსეთს განსაკუთრებული პირობები, რომელიც აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და არ ცვლის საკუთარ აგრესიულ დამოკიდებულებას წევრის სახელმწიფოების მისამართით, ძირს უთხრის ორგანიზაციის ღირებულებებსა და ავტორიტეტს“, – აღნიშნულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რუსეთის დელეგაცია ივნისის სესიაზე მონაწილეობის მისაღებად იქნა მიწვეული.  რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასამბლეაში და მის ორგანოებში წევრთა ხმის მიცემის, საუბრისა და წარმომადგენლობის უფლება არ უნდა იყოს შეჩერებული.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას საქართველომ მხარი არ დაუჭირა.  რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა ასევე უკრაინის, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთისა და შვედეთის დელეგაციებმა.