ლიეტუვას პრემიერ-მინისტრი - ლიეტუვა ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას
ლიეტუვას პრემიერ-მინისტრი - ლიეტუვა ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას

ლიეტუვა ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას სტუმრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ეს არის პრემიერ-მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტი ლიეტუვაში და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო.  მრავალი წელია, ლიეტუვა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოსთან ურთიერთობებს და ამ კურსის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. ყოველთვის ვუჭერდით მხარს და მომავალშიც დავუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. საერთაშორისო ურთიერთობებში დაუშვებელია ძალის გამოყენება ან ძალის გამოყენების მუქარა. მხარს დავუჭერთ საქართველოს მტკიცე მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატო-ში სრული ინტეგრაციისადმი, ლიეტუვას მაგალითის მსგავსად. ასევე მხარს ვუჭერდით და მომავალშიც განვაგრძობთ მხარდაჭერას საქართველოს არჩევანისადმი, შექმნას ღია, დემოკრატიულ და სამართლებრივ საფუძველზე დამყარებული აყვავებული სახელმწიფო. ჩვენ აღნიშნულს განვახორციელებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. ვიზიტის პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებები მხოლოდ ახლა დაიწყო, თუმცა ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს არაერთი საკითხი, რომელიც მოიცავს როგორც სიმბოლურ თემატიკას, ასევე ძალზე პრაქტიკულ მიმართულებებსაც.

მიმდინარე წელს აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი დიპლომატიური ისტორია 550 წელზე მეტს ითვლის. ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის კონტექსტში გამორჩეულ აქცენტს წარმოადგენდა მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმად, ჩვენ საქართველოს ვუწოდებთ მის ავთენტურ დასახელებას, ხოლო ჩვენი მეგობრები ჩვენს ქვეყანას ლიტვის ნაცვლად ლიეტუვას უწოდებენ“, – განაცხადა ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ვილნიუსი-თბილისის მიმართულებით აპრილიდან პირდაპირი ავიარეისები შესრულდება.

„ეს ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესკავშირების განვითარებას. ჩვენი ურთიერთობები სამაგალითოა. ამასთან, ვფიქრობთ, შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ვისაუბრეთ, რომ ლიეტუვას შეუძლია, იამაყოს შესანიშნავი „სტარტაპებით“, რომელთა მოცულობა უკანასკნელ წლებში 5-ჯერ გაიზარდა. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე მოვიზიდეთ 183 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია და იმედი მაქვს, ამ სფეროშიც გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისთვის. უაღრესად იმედის მომცემია თანამშრომლობა მუნიციპალიტეტების დონეზე. ჩვენს ქვეყანაში არსებული 60 მუნიციპალიტეტიდან ნახევარს საქართველოში ჰყავს პარტნიორები.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას, როგორც კონკრეტული ნაბიჯებით, ასევე საქმით. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც დეკემბრიდან შევიდა ძალაში, დაფიქსირებულია ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფება. ამასთან, მხარს ვუჭერთ საქართველოს, განაგრძოს რეფორმები და შეიარჩუნოს ლიდერობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის“, – განაცხადა საულიუს სკვერნელისმა.