ლიეტუვას პარლამენტართა ჯგუფი ითხოვს, საფრანგეთის საგარეო უწყებამ და ევროკავშირის ინსტიტუტებმა 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება შეაფასონ 
ლიეტუვას პარლამენტართა ჯგუფი ითხოვს, საფრანგეთის საგარეო უწყებამ და ევროკავშირის ინსტიტუტებმა 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება შეაფასონ 

ლიეტუვას პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მიმართოს საფრანგეთის საგარეო უწყებას და ევროკავშირის ინსტიტუტებს წინადადებით, შეაფასონ საფრანგეთის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხი და შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება განიხილონ, – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ლიეტუვას პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადება „ევროპულმა საქართველომ“ გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 10 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. კონფლიქტმა იმსხვერპლა ასობით ადამიანი; ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი;  მოკლულია 400 ადამიანზე მეტი და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ამასთან, აღნიშნულია, რომ საფრანგეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით რუსეთმა აიღო ვალდებულება სამხედრო ჯარების გაყვანის, სტატუსკვოს აღდგენის და ჰუმანიტარული დახმარების დაშვების შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. თუმცა, ვალდებულებები ფაქტობრივად არ შესრულებულა.

„ეს ვალდებულებები არ არის ფაქტობრივად შესრულებული. დაირღვა საერთაშორისო სამართალი, გრძელდება ტერიტორიის ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და ადამიანების დაკავების ფაქტები. ამ დოკუმენტით ჩვენ მოვუწოდებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში პასუხისმგებელი პირები დაემატოს მაგნიტსკის სიას, ამ სიაში დამნაშავეთა დამატება (დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მკვლელობები) სამართლებრივად შესაძლებელია, რადგან დანაშაულს საზღვრები არ აქვს; ასევე მიმართოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის ინსტიტუტებს წინადადებით, შეაფასონ საფრანგეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და ამ შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, განიხილონ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება“, – აღნიშნულია განცხადებაში.