ლიეტუვამ საქართველოს სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთი გამოუგზავნა
ლიეტუვამ საქართველოს სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთი გამოუგზავნა

13 მაისს ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ღვაჩლიანმა მონაწილეობა მიიღო ლიეტუვის მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით საქართველოსთვის გამოყოფილი სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული დახმარების ლიეტუვიდან საქართველოში გაგზავნის ცერემონიაში. ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, 14 მაისს საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთისათვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდება ლიეტუვის საჰაერო ძალების თვითმფრინავით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შიაულიაის აეროპორტში გამართულ ცერემონიაში საქართველოს ელჩთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის ატაშემ პოლკოვნიკმა ზვიად შანავამ, აგრეთვე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა, მოლდოვისა და სომხეთის ელჩებმა.

„აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება ლიეტუვის მიერ საქართველოს მხარდაჭერისა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია. საელჩო მადლობას უხდის ლუეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს და მთლიანად ლიეტუვის მთავრობას გამოჩენილი სოლიდარობისა და თანადგომისათვის“, – აცხადებენ ლიეტუვაში საქართველოს საელჩოში.

დატოვე კომენტარი