ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხი წევრისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მედიკამენტების შესაძენად 100 ათას ევროს გამოყოფს
ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხი წევრისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მედიკამენტების შესაძენად 100 ათას ევროს გამოყოფს

ლიეტუვის მთავრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხი წევრისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მედიკამენტების შესაძენად 100 ათას ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

„ლიეტუვა განაგრძობს აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით დგომას: ლიეტუვის მთავრობამ გადაწყვიტა, გამოყოს 100 ათასი ევრო ლიეტუვური კომპანიების მიერ წარმოებული მედიკამენტების შესაძენად სომხეთისთვის, საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით”, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.

ლიეტუვის მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

„მადლობლები ვართ ჩვენი ლიეტუველი მეგობრების მათი სოლიდარობის გაგრძელებისთვის, რომელიც მათ არაერთხელ გამოავლინეს. ღრმად ვაფასებთ სოლიდურ დახმარებას, რომელიც გამოყოფილია საერთო მტრის – „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ძალა ერთობაშია და ერთად ჩვენ წარმატებას მივაღწევთ”, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერში”.