ლიცენზირებული ტაქსის მფლობელებს თბილისში მარტიდან ავტომობილის გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები გადაეცემათ
ლიცენზირებული ტაქსის მფლობელებს თბილისში მარტიდან ავტომობილის გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები გადაეცემათ

დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების უფლება კომპანია „ალმამ“ მოიპოვა, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, კომპანია ტაქსებზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, ლიცენზირებული ტაქსის მფლობელებს გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერებს გასცემს.

„ეს პირდაპირ უკავშირდება ტაქსების რეფორმას. 2019 წლის ოქტომბრიდან ტაქსის ფერი – თეთრი განისაზღვრა. იმისთვის, რომ მძღოლებს ხარჯის გაწევა არ დასჭირდეთ, გადაღებვის სამუშაოების შესრულების ვალდებულებას კონკურსში გამარჯვებული კომპანია აიღებს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, როგორც ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა, კომპანია ვალდებულებების შესრულებას მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დაიწყებს.

„კონკურსი ერთი კვირის წინ დასრულდა. გამარჯვებული კომპანია პირველი მარტიდან ლიცენზიის მფლობელ ტაქსებზე ორი სახის ვაუჩერის გაცემას უზრუნველყოფს: თეთრ ფერზე გადაღებვისა და ტაქსების ინტერიერის წმენდისას. ჩვენ შევქმენით საკმაოდ ეფექტური და კარგი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია ტაქსის მძღოლებისგან თანხებს არ მოითხოვს. ის უბრალოდ მათ სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამას ორი წლის ვადით განათავსებს და ამის სანაცვლოდ, შეღებვის სამუშაოებს შეასრულებს. შეღებვისა და ინტერიერის წმენდის ვაუჩერით სარგებლობის უფლება აქვთ მძღოლებს, რომლებმაც 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით ტაქსით მომსახურების ნებართვა აიღეს“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისი თქმით, ვაუჩერებით სარგებლობასთან დაკავშირებით პირველი მარტიდან საინფორმაციო კამპანიაც დაიწყება.ვაუჩერით სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, რომელთაც გავლილი ექნებათ სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება.

როგორც ხმალაძემ განმარტა, აღნიშნული პროცესი მიბმული იყო მეტროსა და ავტობუსებზე რეკლამის განთავსების აუქციონზე.

„კონკურსი მივაბით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილი მეტროსა და ავტობუსების შერჩეულ ადგილებზე რეკლამის განთავსების უფლების აუქციონს.ეფექტიანი ვაჭრობა შედგა. დაახლოებით, 11 მილიონი ლარიდან დაიწყო და 14 მილიონ ლარს გადააჭარბა. „ალმა“ მზად არის, პირველი მარტიდან ვალდებულება აიღოს“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.