ლიბიის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად ასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა
ლიბიის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად ასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

ლიბიის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად ასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერსი“ ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, არალეგალი მიგრანტებით სავსე ნავი ლიბიის სანაპიროსთან ახლოს ჩაიძირა. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია იუწყება, რომ კატასტროფის შემდეგ ვერც ერთ მათგანს ვერ მიაგნეს. ლიბიის სანაპირო დაცვას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ლიბიის საპორტო ქალაქებს აფრიკელი არალეგალი მიგრანტები ხშირად იყენებენ ევროპის ტერიტორიაზე მოსახვედრად, თუმცა კუსტარულად დამზადებული ნავების და ბორტზე მგზავრების გადაჭარბებული რაოდენობის გამო მგზავრობა ხშირ შემთხვევაში ტრაგიკულად სრულდება. გაერო-ს ცნობით, ბოლო ექვს წელიწადში, აღნიშნული მარშრუტის გავლის მცდელობის დროს ასობით ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ 2019 წელს მათი რიცხვი 600-ს აღწევს.