ლიბიის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში ლტოლვილთა მიღების ცენტრების შექმნაზე უარს აცხადებს
ლიბიის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში ლტოლვილთა მიღების ცენტრების შექმნაზე უარს აცხადებს

ლიბიის პრემიერ-მინისტრი ფაიზ სარაჯი ქვეყანაში ლტოლვილთა მიღების ცენტრების შექმნაზე უარს აცხადებს.

ამის შესახებ სარაჯმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ აბსოლუტურად წინააღმდეგები ვართ იმისა, რომ ევროპას ოფიციალურად სურს ამყოფოს ჩვენთან არალეგალი მიგრანტები, რომელთა მიღებაზე თავად ევროკავშირი უარს აცხადებს“, – განაცხადა ლიბიის მთავრობის ხელმძღვანელმა.

ფაიზ სარაჯის თქმით, ლიბიას ასეთი ცენტრების მშენებლობისთვის არც სუბსიდიები სჭირდება.

„ჩვენ ევროკავშირთან არალეგალი მიგრანტების მისაღებად ფულის სანაცვლოდ არანაირ გარიგებებს არ განვახორციელებთ“, – აღნიშნა სარაჯმა.

მან უცნაური უწოდა იმას, რომ ევროპაში არ სურთ მიგრანტების მიღება, თუმცა ამის გაკეთებას ლიბიას სთავაზობენ.

სარაჯის თქმით, ლიბია წარმოადგენს ტრანზიტულ ქვეყანას აზიასა და აფრიკიდან ევროპისგან მიმავალი მიგრანტებისთვის. ამიტომ ლიბიის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს ზეწოლა იმ ქვეყნებზე, საიდანაც ლტოლვილთა ძირითადი ნაკადი მოდის.

ფაიზ სარაჯმა ევროკავშირს კონტრაბანდისტების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, კონტრაბანდისტების წინააღმდეგ ბრძოლისა და მიგრანტების გადარჩენის მხრივ ძირითადი დატვირთვა ლიბიის სანაპირო დაცვაზე მოდის, ამიტომ ის მოუწოდებს ბრიუსელს, ამ სფეროში ტრიპოლის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამჟამად ლიბიაში ასობით ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება.

შეგახსენებთ, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე მიგრაციულ პრობლემებთან გამკლავების გეგმის ერთ-ერთ პუნქტად ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მიგრაციული ცენტრების შექმნა განიხილებოდა.