ლიბიის პრემიერ-მინისტრი ოქტომბრის ბოლოსთვის თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს
ლიბიის პრემიერ-მინისტრი ოქტომბრის ბოლოსთვის თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს

ლიბიის პრემიერ-მინისტრი ფაიეზ ალ-სარაჯი ოქტომბრის ბოლოსთვის თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს.

ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიით სიტყვით გამოსვლისას სარაჯმა იმედი გამოთქვა, რომ დიალოგის კომიტეტი თავის უფლებამოსილებას შეასრულებს და ახალ საპრეზიდენტო საბჭოსა და ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევს.

თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, მაროკოში, 6-10 სექტემბერს ლიბიის საკითხზე გამართულ დიალოგზე საუბრისას, ლიბიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო მოლაპარაკებებმა სახელმწიფო ინსტიტუტების გაერთიანებისა და საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ახალ პროცესს ჩაუყარა საფუძველი.

2011 წელს, მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ტრიპოლიში ლიბიის ახალი მთავრობა 2015 წელს ჩამოყალიბდა, რომელსაც გაერო უჭერს მხარს. სარაჯის მთავრობას გენერალი ხალიფა ჰაფთარი აუჯანყდა, რომელმაც ლიბიის აღმოსავლეთ რეგიონები დაიკავა და ტრიპოლის აღება უშედეგოდ სცადა.