ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაური პატიმრობის პერიოდს იხსენებს
ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაური პატიმრობის პერიოდს იხსენებს

ლიბიაში დაკავებული ბათუმელი მეზღვაური ნუკრი ხოხბა საკუთარ ოჯახში დაბრუნდა. მისი ინფორმაციით, ორის გარდა, გემის ეკიპაჟის ყველა წევრი გათავისუფლდა. როგორც ხოხბამ განაცხადა, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის, გემის კაპიტანი.

ხოხბა პატიმრობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ქართული მხარის აქტიურობის გარეშე, ციხეში დარჩენილთა გათავისუფლების პროცესი, შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხოლოდ მადლობას ვეტყვი, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ თუ ჩვენი წარმომადგენელი იქ არ ჩავიდა, მათი გათავისუფლების პროცესი უსასრულოდ გაგრძელდება. ეკიპაჟის ათიდან რვა წევრი გაგვათავისუფლეს. თურქეთის საკონსულომ იაქტიურა. თურქეთის საკონსულოს დახმარებით, გამოგვიგზავნეს ოჯახებმა ფული, რითაც საკვები და წყალი შევიძინეთ, თორემ იყო დღეები, როცა ექვსი დღე წვიმას ველოდებოდით, წყალი რომ გვქონოდა.

ჩვენ უმიზეზოდ დაგვაპატიმრეს, გვედავებოდნენ ნავთობის კონტრაბანდას და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, ეს არ არის მართალი და თან ძალიან ძნელია ლიბიაში რაიმეს დამტკიცება. იქ ადვოკატიც, პროკურორიც და მოსამართლეც ერთნაირად ტყუის. ინგლისური, თურქული და რუსულიც კარგად მესმის, მაგრამ თარჯიმანი არ გვყავდა ნორმალური, რომელსაც ჩვენი ესმოდა. ის ხშირად არასწორად თარგმნიდა ყველაფერს“ – განაცხადა ჟურნალისტებთან ნუკრი ხოხბამ.

ლიბიაში დაკავებული მეზღვაური, ნუკრი ხოხბა პატიმრობიდან გათავისუფლდა. იგი საქართველოში 13 მარტს დაბრუნდა.