ლიბიის ციხიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები შეხვდნენ
ლიბიის ციხიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები შეხვდნენ

ლიბიის ციხიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურს, სოსლან კაკაბაძეს, რომელიც ბათუმში გუშინ დაბრუნდა, დღეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები შეხვდნენ.

ლიბიაში არსებული მძიმე სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის გამო, სოსლან კაკაბაძის საქმის სასამართლო განხილვა ვერ ხერხდებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოელი პარტნიორებისა და ლიბიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით გაჭიანურებული პროცესის დაჩქარება შეძლო, რის შედეგადაც 2018 წლის 29 აპრილს ქალაქ ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ სოსლან კაკაბაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

სოსლან კაკაბაძის გათავისუფლებას წინ უძღოდა ასევე ეგვიპტეში საქართველოს ელჩის, ალექსანდრე ნალბანდოვის ვიზიტი ლიბიაში და მისი შეხვედრები ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მზარეულად კაკაბაძე 2015 წლის აგვისტოში წავიდა. სამუშაოს დაწყებიდან 12 დღეში ეკიპაჟი, რომელშიც სოსლან კაკაბაძე იმყოფებოდა, ლიბიაში დააკავეს.

ლიბიის ციხეში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე რჩება, გენადი კომახიძე და რომა კაკალაძე. მათი სასამართლო პროცესი 20 მაისისთვის არის ჩანიშნული.

წელს ლიბიაში დაკავებული კიდევ ერთი ქართველი მეზღვაურის გათავისუფლება მოხერხდა. 14 მარტს 2017 წელს დაკავებული სამი ქართველი მეზღვაურიდან ერთ–ერთი, ნუკრი ხოხბა სამშობლოში დაბრუნდა.