ლიბიაში პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და არჩევნების გამართვის მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა, პროტესტის მონაწილეთა სოლიდარობის ნიშნად თანამდებობა დატოვა სამმა მინისტრმა
ლიბიაში პრემიერ-მინისტრ აბდულჰამიდ დბეიბაჰის გადადგომისა და არჩევნების გამართვის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, პროტესტის მონაწილეთა სოლიდარობის ნიშნად თანამდებობა დატოვა სამმა მინისტრმა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მთავრობის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობისას უსაფრთხოების ოფიცერი დაიღუპა.
პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აქციები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მიმდინარე კვირაში ორ დაპირისპირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის დედაქალაქ ტრიპოლიში ბოლო პერიოდის ყველაზე მძიმე დაპირისპირება მოხდა. დაიღუპა რვა მშვიდობიანი პირი. დაპირისპირება კი დბეიბაჰის განკარგულებას მოჰყვა, რომელმაც შეიარაღებული დაჯგუფებების დაშლის ბრძანება გასცა.
ცნობისთვის, დბეიბაჰი ქვეყნის ეროვნული ერთიანობის მთავრობას, გაერო-ს მხარდაჭერით, 2021 წლიდან უდგას სათავეში.