ლიბიაში ციხიდან ასობით პატიმარი გაიქცა
ლიბიაში ციხიდან ასობით პატიმარი გაიქცა

ლიბიაში ტრიპოლის ციხიდან 400-ზე მეტი პატიმარი გაიქცა. ამის შესახებ პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ციხის ზედამხედველები ამბოხებულ პატიმრებს ვერ გაუმკლავდნენ.

პენიტენციურ დაწესებულებაში ძირითადად, სისხლის სამართლის დანაშაულში მსჯავრდებულები და ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის მომხრეები იხდიდნენ სასჯელს.

ტრიპოლიში, სადაც უკვე თითქმის ერთი კვირაა დაპირისპირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, არეულობისას გარდაცვლილია 40-მდე ადამიანი, ათობით კი დაშავებულია. 

გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი მთავრობის წარმოამდგენლების განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაა. შეიარაღებულ დაჯგუფებებს ძალის გამოყეენბაზე უარის თქმისკენ მოუწოდეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ.


2011 წელს მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ლიბიაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. ქვეყნის სხვადასხვა რაიონებს შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებენ. საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ დროებით მთავრობას ქვეყნის ტერიტორიაზე შეზღუდული კონტროლი გააჩნია.