„ლიბერთი ბანკის” ყოფილი დირექტორი - ბიზნესმა უკეთ იცის, ვის როგორი გადახდის საშუალება აქვს, შესაბამისად, არ არის აუცილებელი სესხის ზღვარის დაწესება
„ლიბერთი ბანკის” ყოფილი დირექტორი - ბიზნესმა უკეთ იცის, ვის როგორი გადახდის საშუალება აქვს, შესაბამისად, არ არის აუცილებელი სესხის ზღვარის დაწესება

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების ფარგლებში შემოღებული რეგულაციები ჯერჯერობით ბანკების შედეგებზე დიდ გავლენას არ ახდენს, – ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის” ყოფილმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ნებისმიერი რეგულაცია და გადასახადი ცხოვრებას ურთულებს მომხმარებელს და პრობლემებს უქმნის.

„რეგულაციების ბოლო ტალღა მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბანკებმა შეძლეს და იპოვეს რესტრუქტურიზაციისა თუ რეფორმირების საშუალება, შესაბამისად, მათ შედეგებზე დიდ ზეგავლენას ჯერჯერობით არ ახდენს მოცემული რეგულაციები. რა თქმა უნდა, ნებისმიერი რეგულაცია და გადასახადი ურთულებს თავად მომხმარებელს ცხოვრებას და უქმნის პრობლემებს, ყველა რეგულაციას აქვს თავისი ფასი, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელზე გადადის“, – განაცხადა ხუროშვილმა.

ამასთან, „ლიბერთი ბანკის” ყოფილი დირექტორი კონკრეტული მიმართულებებით რეგულაციების გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს და ამ მხრივ იპოთეკურ სესხებზე ამახვილებს ყურადღებას.

„რაც შეეხება თვითონ რეგულაციებს, რეგულატორის მხრიდანაც არის მზაობა გადახედვის, არის კონკრეტული მიმართულებები, განსაკუთრებით იპოთეკების მხრივ. რეგულაციები, რაც სამომხმარებლო დაკრედიტებასთან დაკავშირებით მიიღო რეგულატორმა და მთავრობამ – პირველად ეს იყო პროცენტის ზღვრული ოდენობების შემოღება, რამაც იქონია თავისი ზეგავლენა, ჩემი აზრითაც იყო მნიშვნელოვანი და საჭირო. შემდგომი ქმედებები კი, უკვე ჩარევაა კონკრეტულად ბიზნესის საქმიანობაში და აუცილებელია მათი გადახედვა“, – აღნიშნა მან.

ხუროშვილი მიიჩნევს, რომ კლიენტების გადამხდელუნარიანობის შეფასების მხრივ დაშვებული უნდა იყოს უფრო მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიღება.

„ასევე, ჩემი აზრით, არ არის აუცილებელი დაწესება კონკრეტული ზღვარის, იქნება ეს 25 თუ 50 პროცენტი. ბიზნესმა უკეთ იცის, ვის როგორი გადახდის საშუალება გააჩნია“, – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ ყოფილმა დირექტორმა.

საბანკო რეგულაციების თემაზე დღეს თბილისში დისკუსია გაიმართა.

დატოვე კომენტარი