„ლიბერთი ბანკის” გენდირექტორის მოადგილე - დანაშაულის შედეგად, რის გამოც რამდენიმე პირი დააკავეს, მომხმარებლები არ დაზარალებულან, ბანკის ზარალი კი, 70 ათასის ფარგლებშია
„ლიბერთი ბანკის” გენდირექტორის მოადგილე - დანაშაულის შედეგად, რის გამოც რამდენიმე პირი დააკავეს, მომხმარებლები არ დაზარალებულან, ბანკის ზარალი კი, 70 ათასის ფარგლებშია

დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, რომელზეც გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს, „ლიბერთი ბანკის“ არც ერთი მომხმარებელი არ დაზარალებულა, ბანკის ზარალი კი, დაახლოებით 70 ათასი ლარის ფარგლებშია, – ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, მამუკა კვარაცხელიამ განაცხადა.

საქმე ეხება გარდაცვლილი პირების სახელით პენსიის მისაკუთრებას, რის გამოც ზუგდიდში ხუთი ადამიანი დააკავეს.

მამუკა კვარაცხელიას თქმით, გარკვეული პერიოდის წინ „ლიბერთი ბანკის“ შიდა მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმის საშუალებით საეჭვო ტრანზაქციების იდენტიფიცირება მოხდა, რის შესახებაც ბანკმა დაყოვნებლივ აცნობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

„გამოძიებასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, რამდენიმე დღის წინ, რამდენიმე პირის დააკავეს. რაც მთავარია, ჩვენი არც ერთი მომხმარებელი არ დაზარალებულა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად. როგორც კი მოხდა ამ საეჭვო ტრანზაქციების იდენტიფიცირება, აღნიშნულ თანამშრომლებს შეუჩერდათ უფლებამოსილებები და გამოძიების დასრულებამდე შეჩერებული ჰქონდათ. დანაშაულებრივ სქემას რაც შეეხება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებთ კომენტარისგან. რაც მთავარია, ბანკმა მოახდინა იდენტიფიცირება. ამ ეტაპზე, რაც არის დადგენილი, ბანკის ზარალი 70 ათასი ლარის ფარგლებშია“, – განაცხადა „ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ და აღნიშნა, რომ გამოძიება გასული წლის მაისში დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებულია ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების ოთხი ყოფილი თანამშრომელი და ერთი მოქალაქე. უწყების ცნობით,  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე,  ხელი მიუწვდებოდათ დევნილთა შემწეობისა და სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირთა საბანკო ანგარიშებზე. უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მოიძიეს, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეთა ანგარიშები, რომლებზეც ნაშთის სახით განთავსებული იყო გარკვეული ფულადი თანხები, საერთო ჯამში – 71 972 ლარის ოდენობით,  რაც სხვადასხვა მანიპულაციების მეშვეობით, მათთვის სასურველ ანგარიშზე გადარიცხეს და შემდგომ გაანაღდეს.