„ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ერთ-ერთი ფილიალის ცხრა თანამშრომელს 3,5 მილიონი ლარის მითვისებაში ადანაშაულებენ
„ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ერთ-ერთი ფილიალის ცხრა თანამშრომელს 3,5 მილიონი ლარის მითვისებაში ადანაშაულებენ

„ლიბერთი ბანკი“ ბათუმის ერთ-ერთი ფილიალის ცხრა თანამშრომლისგან 3,5 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. შესაბამისი სარჩელით ბანკმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

არსებული ინფორმაციით, თანხა ფილიალის მენეჯერმა დოკუმენტაციის გაყალბებით მიითვისა.

ბანკის ერთ-ერთი მოლარის, თეონა ბიწაძის განცხადებით, მენეჯერი თანამშრომლებს ფულს უცნობი პირების ანგარიშებზე არიცხინებდა.

„ერთხელ მენეჯერმა იკითხა, ვის გაქვთ ბევრი თანხაო, ვუთხარი მე მაქვს-მეთქი. მოიტანა ვიღაც ქალბატონის ანგარიში, ვარდო ერქვა, 8 600 ლარი ჩაურიცხა. ჩემთან ეს ერთი შემთხვევა იყო. სხვა მოლარეებთან რამდენჯერმე მოხდა. ეს იყო 30 მარტს. მას შემდეგ შიდა შემოწმება ჩატარდა, თბილისიდან ჩამოვიდნენ და მაშინ გავიგეთ, რა ხდებოდა“, – ამბობს თეონა ბიწაძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ სარჩელი მომზადების ეტაპზეა და კანონით განსაზღვრულ ვადებში გადაეცემა მოპასუხე მხარეს.

ამასთან, მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „ლიბერთი ბანკი“.

„ლიბერთი ბანკის“ მიერ ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში აღმოჩენილია დარღვევის ფაქტი, რომელიც გამოძიებისთვის დაუყონებლივ გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

„ლიბერთი ბანკი“ სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და ბანკის ყველა ფილიალი შეუფერხებლად ფუნქციონირებს.

ბანკი აცხადებს, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება მომხმარებლების თანხებს“, – აცხადებენ „ლიბერთი ბანკში“.