ლიბერტადორესის ფინალში ბოკა ხუნიორსი და რივერ პლეიტი ითამაშებენ [ვიდეო]
სამხრეთ ამერიკის რანგით პირველი საკლუბო ტურნირის – კოპა ლიბერტადორესის თასის ფინალში, ლეგენდარული არგენტინული დაპირისპირება შედგება. „რივერ პლეიტის“ შემდეგ, გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება „ბოკა ხუნიორსმა“ მოიპოვა.
„ბოკამ“ ორი მატჩის ჯამში „პალმეირასი“ 4:2 დაამარცხა. არგენტინულ გრანდს პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდა მოგებული, ბრაზილიაშიც აბილას გოლით მე-18 წუთზე დაწინაურდა. მაგრამ მეორე ტაიმში ლუანმა და გომესმა (პენალტით) შვიდწუთიანი ინტერვალით ორი გოლი გაიტანეს და „პალმეირასი“ წინ გაიყვანეს – 2:1. მაგრამ, პირველ მატჩში დუბლის ავტორმა, დარიო ბენედეტომ 70-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და ორმატჩიან დაპირისპირებას ინტრიგა მოუკლა – 2:2.
„ბოკა ხუნიორსისა“ და „რივერ პლეიტის“ ფინალი ორმატჩიანი იქნება. პირველი შეხვედრა 7 ნოემბერს გაიმართება, განმეორებითი – 24 ნოემბერს. გამარჯვებული დეკემბერში, კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.