ლიბანური მედიის ინფორმაციით, აფრინის რეგიონში სირიის ხელისუფლება ჯარს შეიყვანს
აფრინის რეგიონში სირიის ხელისუფლება ჯარს შეიყვანს, – ინფორმაციას ლიბანური ტელეკომპანია AlMayadeen-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სირიის ხელისუფლებამ და ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ჯარების განთავსება რამდენიმე დღეში დაიწყება.
ლიბანური მედია წერს, რომ აფრინის რეგიონში სირიის სამთავრობო არმიის გაგზავნა ტერიტორიის დაცვასა და თურქეთისა და მისი მოკავშირეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ისახავს მიზნად.
სირიაში, აფრინის ანკლავს აშშ-სგან მხარდაჭერილი ქურთული „სახალხო თავდაცვის შენაერთი“ აკონტროლებს. აღნიშნულ დაჯგუფებას თურქეთი „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ განაყოფად მოიაზრებს და ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევს.
აფრინში თურქეთმა ჯარი 20 იანვარს შეიყვანა და ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ დაიწყო.