ლია კრიალაშვილი - მოვითხოვ პროკურატურისგან, სასწრაფოდ დაასრულონ გია კრიალაშვილის საქმე და ვანო მერაბიშვილს წაუყენონ ბრალი
ლია კრიალაშვილი - მოვითხოვ პროკურატურისგან, სასწრაფოდ დაასრულონ გია კრიალაშვილის საქმე და ვანო მერაბიშვილს წაუყენონ ბრალი

პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც ლია კრიალაშვილმა აღნიშნა, გია კრიალაშვილის საქმეზე ვანო მერაბიშვილს აუცილებლად უნდა წაუყენონ ბრალი.

„მოვითხოვ პროკურატურისგან, სასწრაფოდ დაასრულონ გია კრიალაშვილის საქმე. ვანო მერაბიშვილს წაუყენონ ბრალი. ამდენი წელია, თაროზე აქვს ეს საქმე შემოდებული პროკურატურას და რეალურად საქმე არ არის გაკეთებული. ამდენი წელია, ამბობენ, რომ მტკიცებულებები არ გვაქვსო. ვფიქრობ, მერაბიშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი გიას მკვლელობის დაკვეთაზე, მარტო ვანომ არა, პირველი ბრძანება მკვლელობის მიხეილ სააკაშვილმა გასცა, როდესაც თქვა, რომ გია კრიალაშვილი საქართველოს მიწაზე არ უნდა დადიოდეს და მიწიდან ამოიღეთო. პირდაპირ იყო მითითება ლიკვიდაციის. მერე ვანომ დაუკვეთა თავის გოშიებს და მიიღო ერთი გვამი ორის სანაცვლოდ. ვითხოვ სასწრაფოდ შოთაძესთან შეხვედრას. ვანო, რომელიც გუშინ გამოვიდა ციხიდან და იქვე ციხის კარებთან გააკეთა განცხადება, რომ ხელისუფლებას ერთ წელიწადში დაამხობს, გარეთ გასაჩერებელი არ არის“, – განაცხადა ლია კრიალაშვილმა.