ლია გიგაურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ახალგორის საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ლია გიგაურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ახალგორის საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან, მსხვილოს ციხის მიმდებარედ სოფელ ქვემო ჭალას მკვიდრი მამაკაცი ჯერ დაჭრეს და შემდეგ გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

მისივე ინფორმაციით, მამაკაცი ამჟამად ახალგორის საავადმყოფოში იმყოფება.

„ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მსხვილოს ციხის ტერიტორიაზე სოკოს კრეფდა, ჯერ დაჭრეს, შემდეგ უკანონოდ თავისუფლება აღუკვეთეს და გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ის ამჟამად ახალგორის საავადმყოფოში იმყოფება, სადაც მკურნალობენ, ის ფეხშია დაჭრილი.

მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითონ ფაქტი არის შემზარავი, ასეთ ფაქტს აქამდე ადგილი არ ჰქონია. ამიტომ, ჩვენ მაშინვე გავააქტიურეთ ცხელი ხაზი, დავუკავშირდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და საქმეში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. ჩვენ ვმუშაობთ, რათა ეს ინციდენტი დროულად იქნას აღკვეთილი და ახალგაზრდა თავის ოჯახს დაუბრუნდეს“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. იგი სოფელ ქვემო ჭალას მცხოვრებია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ დაკავებული მამაკაცი ფეხშია დაჭრილი.