ლია გიგაური - სკოლა მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან
ლია გიგაური - სკოლა მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის თქმით, სკოლა მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი  მოსწავლის მდგომარეობის გასაცნობად მისულმა ლია გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებამ უკვე ამოიღო ვიდეოთვალის მასალები.

“ამ მასალებიდან კარგად ჩანს, როგორ ტოვებს 13:48 საათზე სკოლის შენობას ორი მოსწავლე მშვიდად. გამოძიება ალბათ დაინტერესდება სხვა ჩანაწერებითაც, რომელიც სკოლის გარეთ არის გადაღებული და იმედი გვაქვს, დეტალურად იქნება გამოძიებული. ვიდეოთვალით ამოღებული მასალით, ინციდენტს სკოლის შენობაში არ ჰქონია ადგილი”, – განაცხადა ლია გიგაურმა და დასძინა, რომ გამოძიებას მანდატურის სამსახურიც დაეხმარება.

შსს-ს ცნობით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად, 14:19 საათზე მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. მეორე მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.