ლია გიგაური - „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მონახულება დღეს ვერ შეძლეს
ლია გიგაური - „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მონახულება დღეს ვერ შეძლეს

მოველოდით, რომ „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები დღეს აუცილებლად მოინახულებდნენ ზაზა გახელაძეს, თუმცა ამ წუთამდე არ მაქვს ინფორმაცია, რომ მათ შესვლა შეძლეს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლია გიგაურმა განაცხადა.

როგორც ლია გიგაურმა აღნიშნა, ცნობილია, რომ დე ფაქტო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებთან. მოველოდით, რომ დღეს აუცილებლად მოინახულებდნენ, თუმცა ამ წუთამდე არ მაქვს ინფორმაცია, რომ მათ შესვლა შეძლეს. იმედია, დღის ბოლომდე მაინც მოხერხდება და დამატებითი ინფორმაცია გვექნება. მინდა გითხრათ, რომ ისინი კვლავ მოლოდინის რეჟიმში არიან და კიდევ ერთხელ მიმართეს დე ფაქტო რეჟიმს, მაქსიმალურად გაუწიონ დახმარება იმისთვის, რომ ზაზა გახელაძე მოინახულონ. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, მათ მონახულებას დღეს ისინი არ გეგმავდნენ, შესაბამისად, დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს გარდა იმისა, რასაც გვაწვდიან, რომ არცერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გართულებულა, დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

​მისი თქმით, 30 ივლისს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე ის მწვავე საკითხები განიხილება, რომელიც დე ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობას უკავშირდება.

„ამ შეხვედრაზე ის მწვავე საკითხები განიხილება, რომელიც დღეს მთელ საზოგადოებას აწუხებს, განსაკუთრებულად კი, აქცენტირებული იქნება იმ ადამიანების ბედი, რომლებიც უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან და რომელთა გადმოცემა დროულად უნდა განხორციელდეს ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამავდროულად, განიხილება სხვა პრევენციული ღონისძიებები, რათა მომავალში აღიკვეთოს მსგავსი ინციდენტები“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.