ლია გიგაური - ჟენევის ფორმატს თავისი დატვირთვა აქვს, უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამ ფორმატის ფარგლებში და ვიფიქროთ მეტ ეფექტიანობაზე
ლია გიგაური - ჟენევის ფორმატს თავისი დატვირთვა აქვს, უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამ ფორმატის ფარგლებში და ვიფიქროთ მეტ ეფექტიანობაზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი მაღალ პოლიტიკურ დონეზე ერთადერთია, სადაც რუსეთთან საუბარი მიმდინარეობს.

გიგაურის თქმით, აღნიშნულ ფორმატს თავისი დატვირთვა აქვს და სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს მუშაობა, თუ როგორ გახდეს ის უფრო ეფექტიანი.

ამ კომენტარით გიგაური ახალ პოლიტიკურ ფორმატზე საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„მოგეხსენებათ, რომ ჟენევის ფორმატში ჩართულია სახელმწიფო მინისტრის აპარატიც და ეს გახლავთ ერთადერთი ფორმატი მაღალ პილიტიკურ დონეზე, სადაც ხდება რუსეთთან საუბარი. ამ ფორმატს აქვს თავისი დატვირთვა. ჩვენი მოსაზრებაა, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამ ფორმატის ფარგლებში და ვიფიქროთ უფრო მეტ ეფექტიანობაზე“,- განაცხადა ლია გიგაურმა.

ამასთან, გიგაურის განმარტებით, შესაძლებელია, დაიწყოს მსჯელობა დამატებითი ეფექტური გზების გამონახვის მიმართულებით, მაგრამ ჟენევის ფორმატს ცალსახად აქვს თავისი დატვირთვა.

„თუნდაც ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით არ წყდება ამ ფორმატის ფარგლებში განხილვა, ბოლო შეხვედრაც ამ საკითხს მიეძღვნა და გაკეთდა განცხადებები უკვე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ბერკეტის გამოყენება, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები ეფექტიანად იყოს გადაჭრილი და არ შეიძლება, ითქვას უარი ამ ეტაპზე.

ნორმანდიული ფორმატი არის ის ფორმატი, რაზეც შეიძლება, დაიწყოს დამატებითი განხილვა და მსჯელობა, მაგრამ ამ ეტაპზე არ შეგვიძლია, ცალსახად და ერთმიშვნელოვნად რაიმე გადაწყვეტილებებზე ვილაპარაკოთ“ ,- განაცხადა ლია გიგაურმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ჟენევის ფორმატსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას განაცხადა, რომ არაფრის მომცემია რუსეთთან ურთიერთობის ტექნიკური ფორმატები, დიალოგი და მოლაპარაკებები არ ნიშნავს დათმობას. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა: „დასავლელ პარტნიორებს უნდა ვეუბნებოდეთ, რომ გვჭირდება ნორმანდიული ფორმატის მსგავსი ფორმატები“.