ლია გიგაური აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგია სკოლებში ბულინგის შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს
ლია გიგაური აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგია სკოლებში ბულინგის შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს

განათლების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის მოსაზრებით, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგია სკოლებში ბულინგის შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს.

როგორც ჟურნალისტებს გიგაურმა განუცხადა, სტრატეგია იმ მონაცემებს ეყრდნობა, რაც კვლევის შედეგად მიიღეს როგორც მოსწავლეების მხრიდან, ასევე მასწავლებლებისა და მშობლებისგან.

„ეს ის სტრატეგიაა, რომელიც ბულინგის შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს, მაგრამ სკოლაში ბულინგის აღმოფხვრასთან დაკავშირებით ალბათ იცით, რომ მოზარდების ისეთი თავშეყრის ადგილები არ არსებობს, სადაც შეიძლება რომ ბულინგი მინიმუმამდე დავიყვანოთ, ან შეიძლება არ არსებობდეს. ჩვენი მიზანია, ბულინგი შევამციროთ და ნულამდე იყოს დაყვანილი“, – განაცხადა გიგაურმა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტრატეგიაზე ამ წუთებში პარლამენტის განათლების კომიტეტში მსჯელობენ. სკოლებში ბულინგის აღმოფხვრის სტრატეგია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ორ ეტაპიანი კვლევის საფუძველზე შეიმუშავა. კვლევის პირველ ეტაპზე 30 000, ხოლო მეორე ეტაპზე 35 000 მოსწავლე გამოიკითხა. სტრატეგიის შემუშავების პროცესში, ასევე შესწავლილ იქნა საერთაშორისო დონეზე არსებული გამოცდილება. პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხედვა ბულინგის აღმოსაფხვრელად.