LGBTI პირების უფლებების დაცვის ინდექსით, საქართველოს 100-დან 25,87% აქვს მინიჭებული
LGBTI პირების უფლებების დაცვის ინდექსით, საქართველოს 100-დან 25,87% აქვს მინიჭებული

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ILGA-Europe LGBTI პირების უფლებების დაცვის ინდექსი გამოაქვეყნა.

კვლევაში, სახელწოდებით Rainbow Europe, საქართველოს 100%-დან 25,87% აქვს მინიჭებული.

სულ შეფასებულია ევროპის 49 ქვეყანა. LGBTI პირებს უფლებების დაცვის მხრივ რეგიონში ლიდერია მალტა (91,04%), რომელმაც გასულ წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერად ცნო. მას მოსდევენ ბელგია (78,76%), ნორვეგია (77,74%), გაერთიანებული სამეფო (73,48%), ფინეთი (73,27%).

კვლევის ავტორთა შეფასებით, სექსუალური უმცირესობების უფლებები ყველაზე დაუცველია აზერბაიჯანში (4,7%). ამასთან, ბოლო ხუთეულში მოხვდნენ სომხეთი (7,2%), თურქეთი (8,6%), მონაკო (9,76%), რუსეთი (10,9%).

აღსანიშნავია, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლების თანახმად, საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის ლიდერია. ის Rainbow Europe-ის ინდექსის მაჩვენებლით წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას, კერძოდ, ბულგარეთს, რუმინეთს, ლიტვას, პოლონეთს, ლატვიას.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ 49 ქვეყნიდან მხოლოდ 16-მა მიიღო 50%-ზე მაღალი შეფასება. უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ევროპის ქვეყნებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ LGBTI თემის უფლებების დასაცავად, რადგან მთელ რეგიონში ამ სფეროში საკანონმდებლო და პოლიტიკური პროგრესი შენელდა.