ლგბტ აქტივისტზე თავდასხმაში მონაწილე მოზარდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა

18:48, 08.10.2018

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 17 მაისის აქციაზე ლგბტ აქტივისტზე თავდასხმაში მონაწილე 15 წლის მოზარდის, სერგი კაკაჩიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ სხდომა ყოფილიყო ღია, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატ დათო მოდებაძის თქმით, დაცვის მხარე ფიქრობს, დააყენოს შუამდგომლობა, რომ საქმე განრიდების მოთხოვნით პროკურატურას გადაეგზავნოს.

„დღევანდელ სხდომაზე ორი შუამდგომლობა იყო განხილული. საქმის ღია სასამართლო სხდომაზე განხილვა და მტკიცებულებათა დასაშვებობა. მოსამართლემ დაუშვა მტკიცებულებები და გადასცა არსებით განხილვაზე. დაცვის მხარე ფიქრობს, დააყენოს შუამდგომლობა, რომ საქმე გადაეგზავნოს პროკურატურას განრიდების მოტივით, რადგან პიროვნება არის არასრულწლოვანი და ჩადენილი არის ნაკლებად მძიმე დანაშაული. არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ უნდა იშუამდგომლოს მოსამართლესთან, რომ საქმე დაბრუნდეს პროკურატურაში“,-განაცხადა დათო მოდებაძემ.

საქმის არსებითი განხილვა 22 ოქტომბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

მსგავსი