ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომაზე რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს
ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომაზე რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს

პარიზში, საქართველოს საელჩოს შენობაში ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით.

თბილისიდან ონლაინ ჩართვით მიიღო სხდომაში მონაწილეობა საბჭოს წევრმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ, ხოლო ადგილზე სხდომაში მონაწილეობდნენ საბჭოს წევრები – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე, ირენ ციციშვილი, ტიერი ბერიშვილი, გოჩა ჯავახიშვილი და ნინო კალატოზიშვილი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში თეა კატუკია, კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბოცვაძე და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი.

სხდომის დღის წესრიგში იყო ლევილის მამულში დაგეგმილ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი, რომლებზეც გაიმართა მსჯელობა. საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შემუშავდეს ორანჟერეის სარდაფის ვენტილაციის პროექტი, რათა ახალრეაბილიტირებულ ორანჟერეას სარდაფიდან დაზიანება არ დაემუქროს. სხდომის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს ლევილის მამულის ბაღის მოვლა და რეაბილიტაცია 2017 წელს მომზადებული ფიტოსანიტარული ანგარიშის შესაბამისად. ასევე უნდა ჩატარდეს ლევილის მამულის შენობა-ნაგებობების დიაგნოსტიკა აზბესტის შემცველობაზე, ვინაიდან საფრანგეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს მსგავს შემოწმებას ნებისმიერი მშენებლობისა თუ რეაბილიტაციის პროექტის დაწყებამდე. ამასთან, შედგა შეთანხმება, რომ როგორც კი მოცემული დიაგნოსტიკის შედეგი დაიდება, უნდა დაიწყოს აზბესტისგან გაწმენდისა და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები და ამისთვის აღარ გახდება საბჭოს სხდომის მოწვევა საჭირო, რათა პროცესი უფრო სწრაფად წარიმართოს.

გარდა ამისა, საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ უახლოეს ორ კვირაში ლევილის მამულში საქართველოდან გაიგზავნება ქონების აღრიცხვის სპეციალისტებისგან შემდგარი სამ ან ოთკაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სრულად აღწერს ლევილის მამულში არსებულ მოძრავ ქონებას და თითოეული ნივთის პასპორტიზაციას მოახდენს. ამის შემდეგ კი მოიძებნება დროებითი სივრცე, სადაც მოცემული ნივთები განთავსდება მანამ, სანამ მამულში სარეაბილიტაციო სამუშოები განხორციელდება. ასევე საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ კომპანია „სკოპინგს“, რომელიც საქართველოს დაკვეთით ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროექტზე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ ზედამხედველობას 2018 წლიდან ახორციელებს, მიეცემა გარკვეული დრო, რათა დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად წარმოადგინოს მამულში არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის საბოლოო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რათა კულტურის სამინისტრომ სწრაფად გაწეროს სამუშაოთა გეგმა, რის გაკეთებასაც ის შეძლებს 2022 წელს. სხდომაზე შეთანხმდა, რომ პრიორიტეტი არის მამულში არსებული შატოს რეაბილიტაცია და სხვა საჭირო სამუშაოები პროექტის ამ კომპონენტზე უფრო მნიშვნელოვნად არ ჩაითვლება.

ამასთან, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმს დაევალა ავთენტური მეგრული ოდის მოძიება საქართველოში მისი ლევილის მამულის ტერიტორიაზე განთავსების მიზნით.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ​სამინისტრო ავრცელებს.

დატოვე კომენტარი