ლევანი იოსელიანი - მნიშვნელოვანია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ამ სესიაზე, ისევე როგორც წინა სესიაზე და შემდგომშიც, საქართველომ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა რეზოლუციებთან მიმართებით
ლევანი იოსელიანი - მნიშვნელოვანია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ამ სესიაზე, ისევე როგორც წინა სესიაზე და შემდგომშიც, საქართველომ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა რეზოლუციებთან მიმართებით

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ამ სესიაზე და შედგომშიც საქართველომ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა უკრაინის მიერ დაინიცირებულ რეზოლუციებთან მიმართებით.

ამასთან, იოსელიანის შეფასებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების მხრიდან მთავარი გზავნილი უნდა უკავშირდებოდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და სწორედ ამ საკითხზე საუბრობს ყველა შეხვედრაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სესიაზე, ისევე როგორც წინა სესიაზე და შემდგომშიც, საქართველომ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა იმ რეზოლუციებთან მიმართებაში, რასაც უკრაინა აინიცირებს ხოლმე აქ, ამ შენობაში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას. ახლაც გვექნება საშუალება, უკრაინის ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას მხარი დავუჭიროთ.

მიმაჩნია, რომ არა მარტო მე, არამედ ყველამ, ვინც ჩამოსული ვართ, დელეგაციის წევრებმა, მთავარი გზავნილი უნდა გავაჟღეროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების შესახებ. ეს ეხება 12 რეკომენდაციას, კანდიდატის სტატუსის მონიჭებას და ასე შემდეგ. ჩემი გამოსვლის შინაარსი ამ გზავნილის გარშემო იტრიალებს და ყველა შეხვედრაზე, რომელსაც ვმართავ, ძირითადად ამაზე ვსაუბრობ. სწორედ 12-პუნქტიანი გეგმის შედეგებზე, მათ შორის ნაკლოვანებებზე მექნება საუბარი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.