ლევან ყიფიანმა პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა, ის სასამართლოში სავარაუდოდ ხვალ გამოიკითხება
ლევან ყიფიანმა პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა, ის სასამართლოში სავარაუდოდ ხვალ გამოიკითხება

ლევან ყიფიანი დღეს იყო დაბარებული თბილისის პროკურატურაში მოწმის სტატუსით, თუმცა მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და მოითხოვა სასამართლოში გამოკითხვა, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს.

ლევან ყიფიანი სასამართლოში სავარაუდოდ ხვალ გამოიკითხება.

საუბარია „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეზე.

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილია აუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ.