ლევან ყიფიანი ჩვენებაში „თი-ბი-სი ბანკის“ ეპიზოდზეც ყვება
ლევან ყიფიანი ჩვენებაში „თი-ბი-სი ბანკის“ ეპიზოდზეც ყვება

​ვინაიდან საკმაოდ დიდი თანხა იყო, ოქუაშვილმა მთხოვა, გავყოლოდი ბიჭებს, ქურდაძესა და ასანიძეს, რათა ბანკში რაიმე პრობლემა არ შექმნოდათ, – ამის შესახებ საქართველოს სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ჩვენებაშია ნათქვამი.

გამომძიებლის კითხვაზე  – 2016 წლის 21-22 აპრილს „თი-ბი-სი ბანკიდან“ გატანილი თანხა ხომ არ იყო საერთო ბიზნესის ასაწყობად საჭირო თანხა, ლევან ყიფიანი აცხადებს, ამის შესახებ წინასწარი დაპირება არ ყოფილა.

„როგორც აღვნიშნე, ზაზა ოქუაშვილი საკმაოდ ხშირად ახდენდა მსგავსი მეთოდით თანხის განაღდებას და ფაქტობრივად, ოპერირებდა „ქეში ფულით“. შესაბამისად, ეს შემთხვევაც იყო ერთ-ერთი რიგითი შემთხვევა. მე, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავდი, რომ ნაწილი თანხისა მოხმარებოდა საერთო ბიზნესს, თუმცა რაიმე წინასწარი დაპირება არ ყოფილა. იყო მხოლოდ საუბრები ზაზას მხრიდან, რომ თანხას მალე ჩარიცხავდა, თუმცა ის რომ შპს „ოლიმპუსის“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხა ჩვენს ბიზნესს უნდა მოხმარებოდა, მსგავსი საუბარი არ ყოფილა. აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდა ზაზას პირადი ბიზნესის განვითარებას ე.წ. შოურუმების მშენებლობას და მცხეთაში სასტუმროს მშენებლობას“, – აცხადებს ლევან ყიფიანი.

გამოძიების კითხვაზე – კონკრეტულად რა მიზნით და ვისი დავალებით გაჰყევით ასანიძეს, ქურდაძეს, ხაჩიშვილს და ფანქველაშვილს 2016 წლის 21-22 აპრილს „თი-ბი-სი ბანკში“, ლევან ყიფიანმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მას ზაზა ოქუაშვილმა სთხოვა.

„ზაზა ოქუაშვილი 2016 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან იმყოფებოდა ლონდონში. წასვლამდე მან მთხოვა, დავხმარებოდი ბიჭებს („ომეგას“ თანამშრომლებს) კომპანიის მართვაში, სახელმწიფო და საბანკო სექტორთან ურთიერთობაში, რათა წარმოების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არ შეშლოდა. იმ პერიოდისათვის ზაზას სურვილი იყო, მოეხდინა ინვესტირება „ომეგა მოტორსის“ საქმიანობის სფეროში. ამ მიზნით მიმდინარეობდა „მაზერატის შოურუმის“ რემონტი, რომ მომხდარიყო ავტომანქანების ბიზნესის კიდევ უფრო განვითარება. სწორედ ამ საქმიანობისათვის თვალის დევნება მთხოვა ზაზამ. მანვე მითხრა, რომ ინვესტირებისათვის მოახდენდა თანხის ჩარიცხვას და ვინაიდან საკმაოდ დიდი თანხა იყო, მთხოვა გავყოლოდი ბიჭებს (ქურდაძეს, ასანიძეს), რომ ბანკში რაიმე პრობლემა არ შექმნოდათ“, – ნათქვამია ლევან ყიფიანის ჩვენებაში.

გამომძიებლის კითხვაზე – ბანკში ყოფნისას ვისთან გქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია? ხომ არ გისაუბრიათ მაღალი თანამდებობის პირებთან, ლევან ყიფიანი პასუხობს, რომ ბანკში ყოფნისას მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეებთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ ჰქონია.

„მედიაში გასულ ინფორმაციას, რომ მე საუბრები თითქოს მქონდა გიორგი გახარიასთან, არ ვადასტურებ; რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, როგორც აღვნიშნე, მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ოთართან და იმ დღესაც ბანკში მისვლამდე და ბანკში ყოფნის პერიოდში, არაერთი საუბარი მქონდა მასთან. ვინაიდან ვიცოდი, რომ ოთარი იყო ბიზნესით დაკავებული და საბანკო სექტორში ჰყავდა ბევრი ნაცნობი, მას ვთხოვდი, რომ დაგვხმარებოდა სს „თი-ბი-სი ბანკიდან“ თანხის გამოტანაში. დახმარება შეიძლება დაგვჭირვებოდა იმ ფაქტის გამო, რომ საკმაოდ გვიან, დაახლოებით 17:30 საათისთვის მოგვიწია ბანკში მისვლა და შესაძლოა, ბანკის სამუშაო საათებში ვერ მოგვესწრო თანხის განაღდება და სწორედ ამ საკითხში მინდოდა ოთარის დახმარება. ოთარი დაინტერესდა, რომელ ფილიალში ვიმყოფებოდი, რა ოდენობის თანხაზე იყო საუბარი, ფიზიკური პირის თუ კომპანიის ანგარიშზე იყო თანხა ჩარიცხული. ამ მიზნით ჩვენს შორის შედგა რამოდენიმე სატელეფონო საუბარი, თუმცა ბოლოს „თი-ბი-სი ბანკის“ მხრიდან არ შეიქმნა არანაირი პრობლემა და შესაბამისად ოთარის დახმარება არ გახდა საჭირო, რის შესახებაც შევატყობინე კიდეც მას. შესაბამისად არც ოთარ ფარცხალაძე და არც სხვა რომელიმე ამ თანხის განაღდებაში არ დაგვხმარებია, რადგან როგორც აღვნიშნე დახმარება არც იყო საჭირო, ბანკმა გამოთქვა მზაობა, რომ მოეხდინა ანგარიშზე არსებული თანხის გაცემა ჩვენთვის“, – წერია ლევან ყიფიანის ჩვენებაში.

კითხვაზე – თუ იცით, როგორ და რა ფორმით მოხდა სოლიდური თანხის მობილიზება? ხომ არ ყოფილა თანხის გატანის ორგანიზებაში ჩართული მესამე პირი სახელისუფლებო ორგანოდან, ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ თანხა ანგარიშზე იქნა მობილიზებული უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის მიერ.

„რა თანხა იყო და რომელი ბიზნესიდან მიღებული იყო ეს თანხა ჩემთვის უცნობია. რაც შეეხება თანხის გატანას, როგორც მოგახსენეთ, ბანკმა უზრუნველყო ჩვენთვის თანხის გადმოცემა და ამ პროცესში სხვას არავის, გარდა კომპანიის დირექტორებისა: ხაჩიშვილისა და ფანქველაშვილისა, მონაწილეობა არ მიუღია. არავის მხარდაჭერა ამ საკითხში არ გვჭირდებოდა, რადგან კომპანიის ანგარიშზე იყო თანხა ჩარიცხული და ამ კომპანიის დირექტორები იყვნენ მისულები თანხის წასაღებად. შესაბამისად, თანხის არგაცემის სამართლებრივი საფუძველი ბანკს არ გააჩნდა“, – აცხადებს ლევან ყიფიანი.

გამოძიების კითხვაზე – ბანკში ყოფნისას ხომ არ გინახავთ ბუცხრიკიძე ან/და ხაზარაძე, ან ხომ არ იცით „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებს ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია დასახელებულ პირებთან, ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ არც ბანკში ყოფნისას და არც მანამდე დასახელებულ პირებთან რაიმე სახის კომუნიკაცია თანხის გატანასთან დაკავშირებით არ ჰქონია.

„ომეგას“ წარმომადგენლებს, როგორც ვიცი, არ ჰქონიათ კომუნიკაცია, რადგან ის პირები, ვინც ბანკში ვიყავით, როგორც ვიცი, ხაზარაძესა და ბუცხრიკიძეს არ იცნობენ“, – აცხადებს ლევან ყიფიანი.

კითხვაზე – გთხოვთ, გაიხსენოთ თანხის გატანის პერიოდი და თუ იცნობთ იმ პირებს და ან თუ გახსოვთ  იქ მყოფი პირების აღწერილობა, ვინც წაიღო ფული, ლევან ყიფიანი აღნიშნავს, რომ აღნიშნული პირების აღწერილობა არ ახსოვს და მხოლოდ ის იცოდა, რომ ზაზა ოქუაშვილის გამოგზავნილები იყვნენ.

„როგორც მოგახსენეთ, 21 აპრილს ჩვენ ბანკში მივედით 17:30 საათისთვის და ბანკი დავტოვეთ დაახლოებით 20:00 საათისთვის, ხოლო მეორე დღეს, 22 აპრილს შუადღისით, ალბათ 12-13 საათისთვის. მე ნამდვილად არ მახსოვს იმ პირის აღწერილობა, ვინც წაიღო თანხა, რადგან ვიცოდი, რომ აღნიშნული პირები იყვნენ ზაზას მიერ გამოგზავნილი ხალხი და ზაზას მითითებისამებრ უნდა წაეღოთ თანხა. შესაბამისად, საჭიროება, რომ მე გამეცნოს ეს ხალხი ან/და დამემახსოვრებინა ისინი, არ ყოფილა და მათთან მე არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ვნახე მედიაში გავრცელებული ფოტო, თუმცა ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ მანქანასთან მდგომი პირი ნადვილად იმყოფებოდა თუ არა 21-22 აპრილს ბანკთან და უშუალოდ მან წაიღო თუ არა თანხა“, – აცხადებს ლევან ყიფიანი.

გამოძიების კითხვაზე – „ომეგა ჯგუფის“ წინაშე არსებული დავალიანებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად ან/და კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად თუ გქონიათ სატელეფონო  ან პირადი კომუნიკაცია ოთარ ფარცხალაძესთან, ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ არც ერთ საკითხზე ფარცხალაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„მე არც ერთ დასახელებულ საკითხზე რაიმე სახის კომუნიკაცია ოთარ ფარცხალაძესთან არ მქონია და ვერც ვხვდები არსს, რომ მას დავკონტაქტებოდი, რადგან ოთარს ჰქონდა საკუთარი ბიზნესი, სამი წლის წამოსული იყო საჯარო სამსახურიდან და შესაბამისად, მას არანაირი ბერკეტი რომელიმე დასახელებული საკითხის მოსაგვარებლად არ გააჩნდა“, – აცხადებს ლევან ყიფიანი ჩვენებაში.

პროკურატურამ დღეს ლევან ყიფიანის 9 ოქტომბრის ჩვენება გამოაქვეყნა.