ლევან ყიფიანი - ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთ შეხვედრაზე ქართული თამბაქოს აღორძინების იდეაზე ვისაუბრეთ, რა დროსაც გამოითქვა პროექტის იმ ფონდიდან დაფინანსების მზაობა, რომელსაც განაგებს გიორგი ბაჩიაშვილი
ლევან ყიფიანი - ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთ შეხვედრაზე ქართული თამბაქოს აღორძინების იდეაზე ვისაუბრეთ, რა დროსაც გამოითქვა პროექტის იმ ფონდიდან დაფინანსების მზაობა, რომელსაც განაგებს გიორგი ბაჩიაშვილი

ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთ შეხვედრაზე ქართული თამბაქოს აღორძინების იდეაზე ვისაუბრეთ,   რა დროსაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ იდეა მოეწონა და გამოთქვა პროექტის იმ ფონდიდან დაფინანსების მზაობა, რომელსაც განაგებს გიორგი ბაჩიაშვილი, – ამის შესახებ აღნიშნულია სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის 9 ოქტომბრის ჩვენებაში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა.

როგორც ლევან ყიფიანი აცხადებს, არსებობდა ქართული თამბაქოს აღორძინების იდეა, რომლის ფარგლებში ვანო ჩხარტიშვილიც უნდა შესულიყო პარტნიორად.

მისივე თქმით, ბიზნესის იდეა ქართული თამბაქოს გაშენებასა და შემდგომ თუთუნის წარმოებაში მდგომარეობდა.

„იმ პერიოდისათვის კომპანიები, რომლებიც ოპერირებდნენ ქართული თამბაქოს წარმოების ბიზნესში, ახდენდნენ შედარებით დაბალი ხარისხის თამბაქოს წარმოებას, რომელიც გათვლილი იყო საქართველოში მცხოვრებ დაბალბიუჯეტიან ფენაზე. ბიზნეს იდეის არსი კი მდგომარეობდა შემდეგში, საკმაოდ დიდ ფართობზე უნდა მომხდარიყო თამბაქოს პლანტაციების გაშენება, რომლისგანაც უნდა გვეწარმოებინა ქართული თუთუნის ბაზაზე წარმოებული მაღალი ხარისხის სიგარეტი და სიგარები, რომელიც გავიდოდა ექსპორტზე. ეს იყო საკმაოდ ძვირიანი პროექტი, ჯდებოდა დაახლოებით 20 000 000 აშშ დოლარამდე, რის გამოც გადავწყვიტეთ, დახმარება გვეთხოვა ბატონი ბიძინა ივანიშვილისათვის, რომელსაც მოვუყევი ამ ბიზნეს იდეის შესახებ, რომელიც მოიწონა და აღმითქვა დახმარება. თუმცა ვინაიდან ბიზნესი ეხებოდა ქართული წარმოების განვითარებას და უკვე ამ სფეროში, კერძოდ, ქართული თამბაქოს სფეროში ოპერირებდა ზაზა ოქუაშვილი და ივანე ჩხარტიშვილი,  ბიძინა ივანიშვილის თქმით, პროექტს პერსპექტივა ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სიგარეტის მწარმოებელი ორივე კომპანია ჩაერთვებოდა ბიზნესში. პროექტის მიხედვით, ვანო და ზაზა ბიზნესში შემოდიოდნენ 20-20%-ით და მათი ინვესტიცია უნდა ყოფილიყო 2-2 მილიონ აშშ დოლარამდე, ხოლო დანარჩენ თანხას მთლიანად აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ზაზა ოქუაშვილთან ერთად მეორედაც შეხვდა, რა დროსაც ივანიშვილმა გამოთქვა მზაობა, რომ პროექტს საკუთარი ფონდიდან დააფინანსებდა.

„დაფინანსება მოხდებოდა ფონდიდან, რომელსაც განაგებს გიორგი ბაჩიაშვილი. სულ გაიმართა ორი შეხვედრა. პირველი შეხვედრა, რომელიც შედგა გიორგი გახარიას, ბიძინა ივანიშვილის, ზაზა ოქუაშვილის და ჩემი მონაწილეობით, ხოლო მეორე შეხვედრას უკვე გიორგი გახარია აღარ დასწრებია. როგორც აღვნიშნე, შეხვედრები ეხებოდა ქართული მეთამბაქოების და სიგარეტის წარმოების განვითარებას”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

კითხვაზე, თქვენ თუ განახორციელეთ რაიმე სამუშაო აღნიშნული ბიზნესის ასაწყობად, ყიფიანმა უპასუხა:„მე დავიწყე მიწის ნაკვეთების მოძიება ლაგოდეხში და აჭარის რეგიონში, სადაც შესაძლოა, მოგვეხდინა თამბაქოს წარმოების აღორძინება”.