ლევან ვეფხვაძე - შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტმა შესაძლოა, უმუშევრობის ზრდა და ხელფასების შემცირება გამოიწვიოს 
ლევან ვეფხვაძე - შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტმა შესაძლოა, უმუშევრობის ზრდა და ხელფასების შემცირება გამოიწვიოს 

შრომის კოდექსში ცვლილებების შესახებ შემოთავაზებულ კანონპროექტს ეკონომიკური დასაბუთება არ ახლავს, როგორც ჩანს, მის ინიციატორებს წარმოდგენა არ აქვთ ეკონომიკისა და ბიზნესისთვის რა ნეგატიური ეფექტი შეიძლება, ჰქონდეს წარდგენილ პროექტს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

ამასთან, მისი შეფასებით, წარდგენილ პროექტს გაცილებით მაღალი სტანდარტი შემოაქვს, ვიდრე გათვალისწინებულია ევროდირექტივებით.

„ამიტომაც, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ვიღებთ იმაზე მაღალ სტანდარტებს, ვიდრე ეს შეიძლება, ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში იყოს. მესამე – მიუხედავად იმისა, რომ თვითონ კანონპროექტის ავტორებს კონკრეტული შეფასება არ აქვთ, ჩვენ გვქონდა და გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესთან და ვხედავთ, რომ ამ კანონპროექტმა მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ავტორს კეთილი სურვილი აქვს, შესაძლოა, უმუშევრობის ზრდა და ხელფასების შემცირება გამოიწვიოს, ასევე კონკრეტული ინდუსტრიების საერთოდ გაჩერებაც“, – განაცხადა ვეფხვაძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, შესაძლოა, კანონპროექტმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი გამოიწვიოს, რამაც ქვეყნის განვითარება შეაფერხოს.

„სულ მცირე, ევროკავშირის დირექტივების სტანდარტების დაცვა მაინც მოხდეს. ჩვენი მთავარი მიზანია, ვნახოთ ეკონომიკური დასაბუთება და ამ დასაბუთების შედეგად გადაწყვეტილება მივიღოთ, როგორი ტიპის მოდელი გვჭირდება კონკრეტულად ამ სიტუაციაში“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე განიხილავენ საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“.