ლევან ვეფხვაძე - პანკისის ხეობაში მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც საქართველოში ენერგეტიკის განვითარება არ უნდათ
ლევან ვეფხვაძე - პანკისის ხეობაში მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც საქართველოში ენერგეტიკის განვითარება არ უნდათ

სამწუხაროდ, პანკისის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც საქართველოში ენერგეტიკის განვითარება არ უნდათ, – ამის შესახებ „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ (GIEC) გენერალურმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

„ასეთი ტიპის ჰესები პირიქით, არის ძალიან კარგი წყალმარეგულირებელი საშუალება, მაგალითად, წყალმომარაგების დროს რომ არეგულიროს ადგილზე წყლის ნაკადი. რამე მნიშვნელოვანი ნეგატიური ეფექტი არ შეიძლება ჰქონდეს, რადგან აქ საუბარია 5-მეგავატიან მცირე ჰესზე. არანაირი დაგუბება და არანაირი კაშხლები აქ არ არის. ეს ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც საქართველოში ზოგადად ენერგეტიკის განვითარება არ უნდათ.

ეს არის დასაქმების წინააღმდეგ ბრძოლა. ვინც აღვივებს შუღლს პანკისში და იქ ადამიანებს არწმუნებს, რომ ეს ყველაფერი არის თითქოსდა ჯანმრთელობისთვის მავნე და დამანგრეველი, ის ადამიანები არ მგონია, ქვეყნის მეგობრები იყვნენ. ეს არის პირდაპირ ქვეყნის მტრების ნახელავი. ნებისმიერ შემთვევაში, ჩვენ გვაქვს პრობლემა. ეს არის ქვეყნის მტრების ბრძოლა ეკონომიკის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მორიგი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.

შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებებიც.

პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.