ლევან ვეფხვაძე - ჰესი ზუსტად ჯდება ევროპული ენერგეტიკული სტრატეგიის ამოცანებში
ჰესი ზუსტად პასუხობს ევროპული ენერგეტიკული სტრატეგიის სამ ძირითად ამოცანას, როგორიცაა მიწოდების უსაფრთხოება, ფასის ხელმისაწვდომობა და ენერგოუსაფრთხოება, – ამის შესახებ განახლებადი ენერგიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ვეფხვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა.
გუშინ, პანკისის ხეობაში ჰესის მშნებელობასთან დაკავშირებული პროტესტის ფონზე, ისევ აქტუალური გახდა საკითხი, რამდენად უპრიანია ჰესების მშენებლობა საქართველოსთვის. გადაცემის თანაწამყვანმა, საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა სოსო გალუმაშვილმა აღნიშნა, რომ არსებობს სამი მცდარი წარმოდგენა ჰესთან დაკავშირებით – რომ ჰესი არ არის გარემოსადმი უვნებელი მწვანე ენერგია, არ მიეკუთვნება განახლებად ენერგიას და არ არის ალტერნატიული ენერგია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვეფხვაძემ განმარტა, რომ ჰესი ზუსტად ჯდება ევროპული ენერგეტიკული სტრატეგიის ამოცანებში.
„ევროპული ენერგეტიკული სტრატეგია დღეს ეფუძნება ენერგეტიკულ ე.წ. ტრილემას, რადგან ევროპაში ენერგეტიკის განვითარებას სამი ძირითადი ამოცანა აქვს. ეს ამოცანებია: პირველი მიწოდების უსაფრთხოება, რომ ნებისმიერ დროს იყოს ელექტროენერგია; მეორე – ხელმისაწვდომობა ანუ ფასი, რისი გადახდა შეუძლია მომხმარებელს; მესამე – სუფთა ენერგია და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული მდგრადი განვითარება. სამწუხაროდ, ეს სამი ამოცანა თავისი არსით ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ ის, რაც უზურნველყოფს მიწოდების უსაფრთხოებას, იყოს ძვირი. ან მოხდეს ისე, რომ რაც ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ესეც იყოს ძვირი. აქ მთავარია ბალანსი დავიცვათ. ჰესი ზუსტად ჯდება ამ სამ ამოცანაში: ჰესი არის განახლებადი, სუფთა ენერგიის წყარო, ის არ აბინძურებს გარემოს, როგორც თბოსადგური, ამავე დროს, ჰესები შედარებით იაფი ჯდება, ვიდრე ქარისა და მზის ელექტროსადგურები“,- განმარტა ვეფხვაძემ.
ვეფხვაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო 2013 წელს ევროპული ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი გახდა. გარდა ამისა, ქვეყანა მიუერთდა ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებას. ორივე შემთხვევაში საქართველომ ევროპულ კანონმდებლობასთან საკუთარი კანონმდებლობისა და რეგულაციების ჰარმონიზაციის ვალდებულება აიღო. შესაბამისად, მიმდინარეობს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით და მათ შორის არის კანონი განახლებად ენერგიაზეც.